weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზურაბიშვილი - 53%, ვაშაძე - 19%, ბაქრაძე - 17% – ქართული ოცნების კვლევა

19:03 ხუთშაბათი, 18 ოქტომბერი 2018

„ქართული ოცნების“ შიდაპარტიული კვლევის თანახმად, სახელისუფლებო პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

როგორც საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, გამოკითხულთა საერთო რაოდენობიდან 27% მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს, 10% გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერია, 9% კი დავით ბაქრაძის. მდინარაძის თქმით, სხვა კანდიდატებს მხარს გამოკითხულთა 6% უჭერს, ხოლო 48% არჩევნებზე წასვლას არ აპირებს, ან არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას.

„ე.წ. ალოკაციის მეთოდით, რომელიც გვიჩვენებს არჩევნების საბოლოო შედეგს, დაფიქსირდა კანდიდატების მხარდაჭერის შემდეგი მონაცემები: სალომე ზურაბიშვილი - 53%, გრიგილ ვაშაძე - 19%, დავით ბაქრაძე - 17%, სხვა კანდიდატები - 11%. აღნიშნული მონაცემები იძლევა შემდეგი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას:

სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იგებს საპრეზიდენტო არჩევნებს, მეორე ადგილზე გასვლის თანაბარი შანსი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე შტოს - „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ კანდიდატებს.

როგორც ჩანს, „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ კარგად იცის ამ მონაცემების შესახებ და სწორედ ამიტომ ცდილობენ პროცესების რადიკალიზაციას“, - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძეს არ უთქვამს, როდის ჩატარდა სოციოლოგიური კვლევა და რამდენი ადამიანი გამოიკითხა. მისი განმარტებით, კვლევა მათი დაკვეთით „ფსიქოპროექტმა“ ჩაატარა. აღნიშნული კომპანიის დირექტორი ზურაბ ბიგვავაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო.

შენიშვნა: „ქართული ოცნების“ პრესსამსახურიდან მიღებული ინფორმაციით, კვლევა 9 – 17 ოქტომბერს ჩატარდა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისას გამოყენებული იყო შემთხვევითი შერჩევის მეთოდი (მრავალსაფეხურიანი რეპრეზენტატული შერჩევა), რომელმაც დაფარა მთელი საქართველო, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. გამოკითხული იყო 18 წლის და უფროსი ასაკის, 3000 რესპონდენტი მოსახლეობა პირისპირ ინტერვიუირების მეთოდით. კვლევის დასაშვები ცდომილება +/- 2.5%-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]