„40 000 კილომეტრი გავიარეთ და შემოვიარეთ საქართველო, გარწმუნებთ, რომ ნამდვილად ვიგებთ ამ არჩევნებს. ამ სიარულში გრიგოლ ვაშაძესთან დავძმაკაცდი. მეუბნება – ბატონ მურმან, მომეცი აღთქმა, რომ შენ ოპოზიციაში აღარ წახვალ. სახარება მოიტანა და დამადებინა ორივე ხელი. მივეფერე სახარებას, მაგრამ ვუთხარი - მძიმე უნდა დავსვათ, არ წავალ ოპოზიციაში, თუ ის შეასრულებს ერთ პირობას: 2018 წლის 29 ოქტომბერს გრიგოლ ვაშაძე შედის ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში, დაუძახებს თავის თანაშემწეს და გამოართმევს A4 ფორმატის ქაღალდს, ამოიღებს საკუთარი პერანგიდან ავტოკალამს და მისი ლამაზი მარჯვენა, მტკიცე ხელით წერს შემდეგი შინაარსის ბრძანებას: „მე, საქართველოს პრეზიდენტი გრიგოლ ვაშაძე ვბრძანებ: საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აღუდგეს მოქალაქეობა“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.
როგორც დუმბაძემ განაცხადა 11 ოპოზიციური პარტიის გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ და მისი საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებს.
მურმან დუმბაძე 2012-2016 წლებში „ქართული ოცნებიდან“ საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, თუმცა 2014 წლიდან პარტიის წევრი აღარ არის. 2016 წელს მურმან მან პარტია „ემსახურე საქართველოს“ დააფუძნა.