კობახიძემ ბიუროს სხდომაზე დეპუტატ ოთარ კახიძეს უპასუხა, რომელმაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარი პროკურორის პარლამენტში მისვლის საკითხი დასვა.
„მინდა გაგახსენოთ, რომ პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ [იგულისხმება ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი კომისია] რომ დაასრულა მუშაობა, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია გახლდათ შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარი პროკურორის მოწვევა, რათა პარლამენტის წინაშე წარმოადგინონ ანგარიში რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით. ისინი პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულები არიან. ამასთან, ის ჩანაწერები, რომლებიც გავრცელდა, ახალ კითხვებს აჩენს და ძალიან დიდია საზოგადოებრივი ინტერესი“, – განაცხადა კახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საგამოძიებო კომისიის საკითხთან დაკავშირებით შს მინისტრი და მთავარი პროკურორი პარლამენტს საარჩევნო პროცესების შემდეგ ეწვევიან.
„ოქუაშვილს რაც შეეხება, სანამ 3D ვერსია არ გამოვა, მანამდე მგონი, პარლამენტი არ უნდა ჩაერთოს ამ საკითხების განხილვაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბოლო პერიოდში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და „ომეგა ჯგუფის“ საქმეებზე რამდენიმე ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერი გაავრცელა.