weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ეკა გიგაური სავარაუდოდ 7 ნოემბრის აქციის დარბევის ხელშეწყობაში მონაწილეობდა – წულუკიანი

13:00 სამშაბათი, 23 ოქტომბერი 2018

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კოპენჰაგენში მიმდინარე საერთაშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური სავარაუდოდ მონაწილეობას იღებდა 2007 წლის 7 ნოემბრის მშვიდობიანი აქციის დარბევის ხელშეწყობაში.

თეა წულუკიანის კრიტიკა კონფერენციაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორის მოადგილის, გიორგი ონიანის გამოსვლას მოჰყვა. ონიანის თქმით, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) პროცესში ჩართული სამოქალაქო სექტორის შეფასებით, OGP-ის თავმჯდომარეობამ და ზოგადად ღია მმართველობის პროცესმა საქართველოში სრული კრახი განიცადა. ონიანის თქმით, მმართველი პარტია და მათ შორის თეა წულუკიანი თავს ესხმის და პოლიტიკურად მიკერძოებულებს უწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიის პრობლემებზე, მაღალი დონის კორუფციაზე და სხვა საკითხებზე ლაპარაკობენ.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ონიანის საპასუხოდ თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება საკმაოდ თავისუფალია. მისივე თქმით, ისინი არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით არიან თავისუფლები და აქტიურები, არამედ შესაძლებლობა აქვთ, ქვეყნის საზღვრებსაც გასცდნენ და „დანიაშიც კი მისწვდნენ საკუთარ იუსტიციის მინისტრს“.

„ჩვენს ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნება ორი საათშია შესაძლებელი ყოველგვარი ბარიერების გარეშე. საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის არსებობს ძალიან ნაყოფიერი ნიადაგი, რათა დაფუძნდნენ და დაიწყონ მუშაობა და აქტიურები იყვნენ სოფლებში, პატარა თუ დიდ ქალაქებში.

სამწუხაროდ ჩვენ ახლა ვხდებით მოწმეები, როდესაც ერთი კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია მთელი სამოქალაქო საზოგადოების სახელით საუბრობს. რისთვისაც მას ხშირად აკრიტიკებენ საკუთარი კოლეგები, მაგრამ ეს არ არის ხელისუფლების საქმე.

არასამთავრობოების შიდა დაპირისპირებების განხილვის ადგილი აქ არ არის“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

წულუკიანის თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს ყოფილი მმართველი პარტიის დროს, მაღალი თანამდებობა ეკავა შინაგან საქმეთა სამინისტროში. მისივე თქმით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დოკუმენტებით ხელში აცხადებდნენ, რომ, ის სავარაუდოდ, მონაწილეობას იღებდა მშვიდობიანი მანიფესტების დარბევის ხელშეწყობაში 2007 წლის ნოემბერში.

„ეს საქმე ამჟამად საქართველოს სასამართლოში განიხილება, სადაც აღნიშნული პიროვნება დღემდე არ გამოცხადებულა პასუხების გასაცემად. ამიტომაც ჯერ არ შემოვალ ამ დისკუსიაში, რადგან

საზოგადოებამ ზუსტად უნდა გაიგოს, იღებდა თუ არა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თავმჯდომარე, რომელსაც იმ დროს პოლიციის მაღალი თანამდებობა ეკავა, მონაწილეობას მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევის ხელშეწყობაში, რასაც ერთი პირის გარდაცვალება და ბევრი მოქალაქის დაშავება მოჰყვა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა საერთაშორისო კონფერენციაზე.

იუსტიციის მინისტრის ამ გამოსვლას ეკა გიგაური სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, მოქმედი ხელისუფლების „სატელიტებს“, რომლებიც მას 7 ნოემბრის აქციის დარბევის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ, სასამართლოში თავად უჩივლა.

„არ გრცხვენია, თეა, აქ ამას რომ ლაპარაკობ? ზუსტად იცი, რომ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის მე ვუჩივლე თქვენს სატელიტებს.

ვიცოდი, რომ თქვენგან იმართებოდნენ, მაგრამ ახლა ნამდვილად დავრწმუნდი ამაში. მუდმივად არავინაა მთავრობაში და მაინც მოგიწევთ ჩემთან მოსვლა, როდესაც თქვენი უფლებები დაირღვევა, როგორც ამას 2012 წელს აკეთებდით“, – წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]