ივანიშვილის თქმით, ვერტიკალის გამყარებით დაიკარგება „უხეში ილუზია იმისა, რომ ვიღაცეებს შეუძლიათ სახელმწიფოს სიძლიერეში ეჭვი შეიტანონ და სიტუაცია იოლად ამოაყირაონ“.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დემოკრატიული მეთოდებით სახელმწიფოს მართვა უაღრესად რთულია და ამას ძალიან ძლიერი გუნდი სჭირდება.
„ღარიბი სახელმწიფოს დემოკრატიული მეთოდებით მართვა უაღრესად რთულია და საერთოდ, მდიდარი სახელმწიფოს მართვაც გაცილებით რთულია დემოკრატიული მეთოდებით, ვიდრე ნებისმიერი დიქტატურით.
ძალიან მოკლე ფილოსოფიურ განმარტებას გაძლევთ - სახელმწიფო არის უმცირესობა, რომელიც მართავს უმრავლესობას და ის ერთადერთია, რომელსაც ამავდროულად აქვს ძალის გამოყენების უფლება.
ის, რაც სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს, რასაც ანგარიშს უნდა უწევდეს ნებისმიერი მოქალაქე, რომ კანონს თუ არ დაიცავს, შეიძლება სახელმწიფომ პასუხი მოსთხოვოს, ამავდროულად ძალის გამოყენებითაც, თითქოს იკარგებოდა. ამის მაგალითია რაც მოხდა „იბერიასა“ და ოქუაშვილთან დაკავშირებით - კაცი ჯიუტად არ იხდის იმას, რაც ბიუჯეტში გადასახდელია და აშანტაჟებს ხელისუფლებას. ასე სჯობს იმას, რაც იყო. ოღონდ, ამას გამკლავება უნდა სუფთა ხელებით, ისე რომ არ დავარღვიოთ დემოკრატიული პრინციპები; არ მოხდეს ის, რომ ხელისუფლებამ, რომელსაც უჭირს გამკლავება ამის, რაღაც სხვა მეთოდებს მიმართოს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.