„ხვალ, ხმის მიცემისას, ვიფიქროთ მომავალ პრეზიდენტზე და გვახსოვდეს მომავალი საპარლამენტო არჩევნები, რომლითაც ხელისუფლება უნდა შევცვალოთ, მაგრამ ამჯერად უნდა შევცვალოთ მანკიერი სისტემა. ჩემთვის არ ვითხოვ ხმებს, ვინაიდან ჩემი არავის არაფერი მართებს.
ყველა ამომრჩეველს ვთხოვ, მე კი არ მომცეს ხმა, ხმა მისცეს საკუთარ შეხედულებებს, რომელიც ჩემს შეხედულებებს ემთხვევა. ხმა მისცეს საკუთარ თავს და საკუთარ ადგილს საზოგადოებაში.
მე საარჩევნო მოწყალებისთვის არ მაქვს ხელი გაწვდილი, მე პოლიტიკური პარტნიორობისთვის ვუწვდი ხელს ჩვენს მოქალაქეებს ჩვენს ამომრჩეველს და საპასუხოდ გამოწვდილი ხელების რაოდენობაზე, ვინაობაზე და რაობაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი პოლიტიკური რაობა.
საარჩევნო ხმა ერთი დღით ცოცხლობს და მისი არმიცემით ეს ხმა იკარგება. ნაძალადევად მიცემული ხმაც იკარგება, მოსყიდული ხმაც იკარგება, ერთადერთი რომელი ხმაც არ იკარგება ეს არის, გულის და გონების კარნახით მიცემული ხმა.
ძვირფასო თანამოქალაქენო, მოგმართავთ, ხვალ ნუ დავიკარგებით, ნუ ჩავიკარგებით, ნუ განვიკარგებით და რაც შეიძლება ხმამაღლა გავაგონოთ ერთმანეთს ჩვენი ხმა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საპრეზიდენტო არჩევნები ხვალ, 28 ოქტომბერს გაიმართება. ამომრჩეველი საქართველოს პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევს.