არჩევნების ჩასატარებლად მზადყოფნაშია 3 703 საარჩევნო უბანი. მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი.
ორი საარჩევნო უბანი გახსნილი იყო ავღანეთში იქ მოსამსახურე ქართველი სამხედროებისთვის, სადაც უკვე ჩატარდა კენჭისყრა და აღნიშნული ხმები დაითვლება 28 ოქტომბერს საქართველოში კენჭისყრის დასრულების შემდეგ.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 518 877, რომელშიც შედიან საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებული პირები, მათ შორის 14 795 საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთ მისამართზე რეგისტრირებული მოქალაქე.
ბიულეტენები დაბეჭდილია ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და ასევე რამდენიმე უბნისთვის (4) დაბეჭდილია სამენოვანი ბიულეტენები (ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხური).
თითოეულ საარჩევნო უბანზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2 გამადიდებელი ლინზა, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები ჩარჩო ფორმა. ამომრჩევლებისთვის ყველა საარჩევნო უბანზე გამოკრულია კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველი პოსტერი. ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის, უბნების 1/3-ზე მეტი, 1264 საარჩევნო უბანია ადაპტირებული და აღნიშნული ამომრჩევლებისთვის ასევე ხელმისაწვდომია ხმის მიცემის სპეციალური კაბინები.
28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად იმართება თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური მაჟორიტარული არჩევნები 6 საარჩევნო უბანზე, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 7 925 ამომრჩეველი. შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო რეგისტრაციაში გატარებულია 8 კანდიდატი (4 თერჯოლაში, 4 სამტრედიაში). საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლებს, მხოლოდ 6 საარჩევნო უბანზე, გადაეცემათ ორი ბიულეტენი, როგორც პრეზიდენტის, ისე საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის.
საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 125 მედია ორგანიზაციის 2000-ზე მეტი ჟურნალისტი; აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედია ორგანიზაციაა.
საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აგიტაცია აკრძალულია.
ცესკო მოუწოდებს საარჩევნო უბანზე მყოფ უფლებამოსილ პირებს, არ გამოცხადდნენ პოლიტიკური სუბიექტების სარეკლამო/სააგიტაციო ატრიბუტიკით უბანზე.
28 ოქტომბერს ასევე, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი ან უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში და არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დასრულებამდე.
ცესკო შეახსენებს საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს და ადგილობრივ დამკვირვებლებს, რომ კენჭისყრის დღის პროცედურების დარღვევებთან დაკავშირებით, დარღვევის აღმოჩენისთანავე განცხადება/საჩივრით უნდა მიმართონ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას; ხოლო თუ არ მოხდება საჩივარზე შესაბამისი რეაგირება, განმცხადებელს შეუძლია იმავე დარღვევაზე განცხადება/საჩივრით დაუყოვნებლივ მიმართოს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას. კანონმდებლობის თანახმად, ცესკოში წარდგენილი ნებისმიერი საჩივარი, რომელიც შეეხება საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებს, დარჩება განუხილველი.
28 ოქტომბერს, 20:00 სთ-ზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.
24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი - 2 51 00 51 და ონლაინ ჩათი. ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩეველს, ცესკოს ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ შესაძლებლობა აქვს ჟესტურ ენაზე ვიდეო ზარით მიიღოს სასურველი ინფორმაცია. სომხურ და აზერბაიჯანულენოვან ამომრჩევლებს საშუალება აქვთ ისარგებლონ სატელეფონო ცენტრის მომსახურებით მათთვის გასაგებ ენებზე.