weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

თუშეთში საპრეზიდენტო არჩევნები არ ტარდება

10:11 კვირა, 28 ოქტომბერი 2018

თუშეთის სოფლებში მუდმივად მცხოვრები პირები და მესაზღვრეები, რომლებიც სხვადასხვა სექტორზე იმყოფებიან, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. როგორც „მთის ამბებს“ ახმეტის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მინდია იუკურიძემ განუცხადა, საავტომობილო გზების დეპარტამენტს თუშეთის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა ოფიციალურად აკრძალული აქვს, სპეციალური საარჩევნო ყუთის გადასატანად კი ვერტმფრენის გამოყოფა ვერ მოხერხდა.

„თუშეთის მე-14 საარჩევნო უბანი გახსნილი გვაქვს სოფელ ქვემო ალვანში, სადაც 265 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამავე უბანში გვაქვს სპეციალური სია, რომელშიც სასაზღვრო პოლიციის 24 თანამშრომელია შეყვანილი. გადასატანი ყუთით სარგებლობის მიზნით, თუშეთში მცხოვრებთაგან მხოლოდ 4-მა ამომრჩეველმა მოგვმართა განცხადებით, დანარჩენებს არ მოუმართავთ. რადგან სამანქანო გზა დაკეტილად არის გამოცხადებული, ვერტმფრენის ქირაობის შესაძლებლობა კი არ გვაქვს, ამიტომ თუშეთში არჩევნებს ვერ ვატარებთ“, - აღნიშნა მინდია იოკურიძემ. მისივე თქმით, ის ახმეტის საოლქო-საარჩევნო კომისიას 2010 წლიდან ხელმძღვანელობს და ბოლო 8 წელში თუშეთში საარჩევნო უბანი არ გახსნილა.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მოახერხეს გადასატანი საარჩევნო ყუთის წაღება პირიქითა ხევსურეთში, კერძოდ, არხოტის ხეობაში.

გუდანის 42-ე საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გოდერძი ჭინჭარაულის განცხადებით, გუდანის უბანზე, ძირითად საარჩევნო სიაში 180 ამომრჩეველია რეგისტრირებული, სპეციალურ სიაში კი 40 - ჭიმღას, ტერღას და ტანიეს სასაზღვრო სექტორებზე მყოფი მესაზღვრეები.

„არხოტის უღელტეხილზე თოვლის გამო სამანქანო გზა ჩაკეტილია. გასულ წელსაც იგივე მდგომარეობა იყო, მაგრამ მაინც გავგზავნეთ გადასატანი საარჩევნო ყუთი. კომისიის წევრები არხოტში ცხენებით წავიდნენ. ერთი მიმართულებით გზას რამდენიმე საათი სჭირდება. როცა იქიდან ბრუნდებოდნენ, შეფერხდნენ. მდინარეა გასავლელი. საარჩევნო უბანზე 8 საათამდე მოსვლა ვერ მოასწრეს და გადასატანი საარჩევნო ყუთით მიღებული ბიულეტენები გავაუქმეთ“, - აღნიშნა გოდერძი ჭინჭარაულმა.

საარჩევნო უბანი გაიხსნა შატილში, თუმცა დათვიჯვრის უღელტეხილზე ღამით ყინავს და შესაძლოა, შემაჯამებელი ოქმების საოლქო კომისიაში გადატანისას გარკვეული პრობლემები შეიქმნას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]