ვაშაძემ ხმა ქუთაისში, № 22-ე საარჩევნო უბანში მისცა. როგორც მან ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით „უამრავი საჩივარი და შენიშვნებია“.
„აქტივობა, რამდენადაც მე ვიცი, ასე ვთქვათ, ნორმალურია. მინდა ამომრჩეველს მივმართო: ძალიან გთხოვთ, გადადეთ ყველა საქმე და მოდით არჩევნებზე იმიტომ რომ საქართველოს და თქვენი შვილების, შვილიშვილების მომავალს ირჩევთ. ეს აუცილებელია, იმიტომ, რომ თქვენი კონსტიტუციური უფლება და კონსტიტუციური ვალდებულებაა.
რაც შეეხება გაერთიანებულ ოპოზიციას, ჩვენ ამ არჩევნებს ვიგებთ, ამით არის გამოწვეული ხელისუფლების ისტერიკა“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება, რომელშიც პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობს. არჩევნების ჩასატარებლად 3 703 საარჩევნო უბანია შექმნილი, რეგისტრირებულია 3 518 877 ამომრჩეველი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათის მდგომარეობით, არჩევნებზე აქტივობამ 15.95% შეადგინა, კენჭისყრაში მონაწილეობა 558 755 ამომრჩეველმა მიიღო.