„განსაკუთრებით ყურადღებით იყვნენ ამ დროს, რომ მოსყიდული ამომრჩევლის მასობრივი მიყვანა არ მოხდეს, კარუსელების დატრიალება არ მოხდეს და კონვერტების ჩაყრა არ მოხდეს. ეს არის უმნიშვნელოვანესი დრო“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მისივე თქმით, „რუსთავი 2“ ეგზიტპოლების შედეგებს 20:00 საათიდან 21:00 საათამდე გამოაცხადებს. თავდაპირველად გამოქვეყნდება 18:00 საათისათვის არსებული მონაცემები, ხოლო 22:00 საათზე ეგზიტპოლების საბოლოო შედეგები გახდება ცნობილი.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ უბნები, სადაც დგანან მთვლელები, რომლებიც ეგზიტპოლს ატარებენ, იცის „ქართულმა ოცნებამ“ და ცდილობენ, რომ ამ უბნებზე მაქსიმალურად მიიყვანონ თავისი წარმომადგენლები და ხელი შეუშალონ ეგზიტპოლის დათვლაში. ჯერ ერთი, გაყალბებას სისტემა ეგრევე აგდებს, თუ სპეციალურად იქნა ხალხი მიყვანილი. ამის გარდა, კითხვას ვუსვამ თამარ ჟვანიას, საიდან იცის „ქართულმა ოცნებამ“ რა უბნებზე ტარდება ეგზიტპოლები და რატომ იცის ეს? ეს გასაიდუმლოებული ინფორმაციაა და იცის მხოლოდ ცესკომ“, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა.