weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩევლების 46.74 %-მა მიიღო

22:12 კვირა, 28 ოქტომბერი 2018

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 637 956-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 46.74%-ია. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედაში - 64.74 %, ხოლო ყველაზე დაბალი მარნეულში - 36.47%.

რაც შეეხება თბილისს, საღამოს 20:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა შეადგენს 45.4%-ს. ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემი რომ შევადაროთ 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნების მონაცემს, 2013 წელს აქტივობამ 46.6% შეადგინა.

ცესკო-ს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, საერთო ჯამში ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 364 საჩივარი. საჩივრები დაიწერა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ. საჩივრები ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს და მათი ნაწილი უბანზევე იქნა აღმოფხვრილი. ოლქში შეტანილი საჩივრების უმეტესობის მოთხოვნა არის კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება და ასევე, ორ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგების გაბათილება.

„აქვე, მაგალითისთვის გაგაცნობთ ინფორმაციას სხვადასხვა პროცედურული ხარვეზების შესახებ: მარნეულის №52-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა წარმომადგენლის მხრიდან საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის მცდელობა. კომისიის გადაწყვეტილებით, წარმომადგენელმა საარჩევნო უბანი დატოვა; ქუთაისის №49-ე, №110-ე და ბათუმის №6-ე საარჩევნო უბნებზე ასევე დაფიქსირდა კომისიის მუშაობაში ხელის შეშლის მცდელობა, თუმცა სიტყვიერი გაფრთხილებების შემდეგ, ინციდენტები აღმოიფხვრა; ახალქალაქის №49-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი ცდილობდა პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემას. კომისიამ არ მისცა მას ხმის მიცემის შესაძლებლობა; ნინოწმინდის №26-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელს არ უშვებდა საარჩევნო უბანზე, თითქოს დამკვირვებელს ჰქონდა ყალბი მოწმობა. ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, დამკვირვებელმა შეძლო უბანზე შესვლა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარნეულის №18-ე საარჩევნო უბანზე 4-მა ამომრჩეველმა კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ვადაგასული პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით. ერთ შემთხვევაში, ამომრჩეველი მივიდა ვადაგასული პირადობის მოწმობით და ცდილობდა ხმის მიცემას. მას შემდეგ, რაც კომისიის მიერ ამომრჩეველს განემარტა, რომ ის ხმას ვერ მისცემდა აღნიშნული დოკუმენტით, ამომრჩეველმა ხმა მისცა საქართველოს მოქალაქის პასპორტის საშუალებით. დანარჩენ 3 შემთხვევაში - ამომრჩევლებს ჰქონდათ უვადო პირადობის მოწმობები, შესაბამისად მათ მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს ავღანეთის 2 საარჩევნო უბნის ხმების დათვლის პროცედურა. შედეგები შემაჯამებელი ოქმების შედგენისთანავე ხელმისაწვდომი იქნება ცესკოს ვებ-გვერდზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]