weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ახმეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გადადგომაზე განცხადება დაწერა

15:06 ორშაბათი, 29 ოქტომბერი 2018

ახმეტის N18 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მინდია იუკურიძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. „რეგინფოს“ ინფორმაციით, იუკურიძეს განცხადების დაწერა ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან დანიშნულმა კურატორმა ზაალ თათრიშვილმა მოსთხოვა.

„კი, მართალია, დავწერე განცხადება იმიტომ, რომ ასე ჩავთვალე საჭიროდ. აუცილებელია ვინმემ მომთხოვოს? გადავწყვიტე, რომ ასე მოხდეს. არ არის აუცილებელი, რომ ყველაფერს მივცეთ პოლიტიკური რაღაც უმსგავსობები. გადავწყვიტე ასე, მოხდა ასე და მორჩა. არანაირად არჩევნებს არ უკავშირდება“, - აცხადებს მინდია იუკურიძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ახმეტის ორგანიზაციის ხელმძღვანელის შაქრო ტერტერაშვილის ინფორმაციით, გუშინ, 28 ოქტომბერს, კენჭისყრის დასრულების და ხმების დათვლის შემდეგ, ახმეტის საარჩევნო ოლქის მე-12, მე-9, მე-15 და მე-17 საუბნო კომისიების ხელმძღვანელებს „ქართული ოცნების“ შტაბიდან დაავალეს, რომ შემაჯამებელი ოქმები არ შეევსოთ. მას შემდეგ, რაც ჩვენ საოლქო კომისიას მოვთხოვეთ, რომ აღნიშნულ უბნებზე ხმების დათვლა დასრულებული იყო და დაუყოვნებლივ შეევსოთ ოქმები, იუკურიძემ თქვა, რომ მას ასეთი დავალება არ გაუცია და საუბნო კომისიებს ოქმების წარმოდგენა მოსთხოვა. ხელისუფლებას მეორე ტურისთვის საოლქო კომისიაში ისეთი თავმჯდომარე სჭირდება, რომელიც ყველა დავალებას შეასრულებს“, - უთხრა შაქრო ტერტერაშვილმა „რეგინფოს“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის ქეთევან ჯანელიძის განცხადებით, მინდია იუკურიძეს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ცესკოსთვის არ მიუმართავს და ის აგრძელებს მუშაობას.

„რეგინფო“ ცესკოს წარმომადგენელს, ზაალ თათრიშვილს ამ დროისთვის ვერ დაუკავშირდა.

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები ახმეტის საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მოიგო. ვაშაძემ 6220 ხმა (45.99%) მიიღო, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კი 4497 ხმა (33.25%).

„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ 1338 ხმა (9.89%) აქვს, ლეიბორისტული პარტიის კანდიდატს შალვა ნათელაშვილს 891 ხმა (6.59%).

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა 615 403 ხმა მიიღო, რაც 38,63%-ია, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 601 175 ხმა - 37,74% . ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია 3703 უბნის მონაცემი, რაც უბნების თითქმის 100 პროცენტია. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 637 956-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 46.74 %-ს შეადგენს.

არჩევნების საბოლოო შედეგი 20 დღის ვადაში გამოქვეყნდება, რის შემდეგაც, არჩევნების მეორე ტური 2 კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]