მარგველაშვილმა ამომრჩეველს მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესისთვის, ეს უმნიშვნელოვანესია.
„ქართველი ამომრჩევლის განცდა, რომ ის არის განმაპირობებელი პოლიტიკური ინსტიტუტების და განმაპირობებელი პოლიტიკური ძალების წარმატებისა თუ მარცხის, კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს ამ არჩევნებზე.
ძალაუფლების წყარო საქართველოში არის ხალხი. თქვენ ამას გრძნობთ და არავის უნდა დაეზაროს საკუთარი პოზიციის გამოხატვა და დაფიქსირება.
მინდა გავიმეორო ის, რაზეც აქამდეც ვაკეთებდი ხაზგასმას და ეს არის თხოვნა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ და მოლოდინი ქართული სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ - მეორე ტური ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. უაღრესად მნიშვნელოვანია იგივე მოცულობით, იგივე სკურპულოზურობით, იგივე ინტენსივობით იყოს სადამკვირვებლო მისიები წარმოდგენილი მეორე ტურის არჩევნების დროს“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
28 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა დააგროვა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ხმების 38.64% აქვს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს კი 37.73%. არჩევნების საბოლოო შედეგი 20 დღის ვადაში გამოქვეყნდება, რის შემდეგაც, არჩევნების მეორე ტური 2 კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს. მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე მიიღებენ მონაწილეობას.