„დიდი სიხარულით მინდა მივულოცო ჩემს მეგობარს, გრიგოლ ვაშაძეს წარმატება. გუშინდელი არჩევნებით ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ მას ღირსებას ვერასოდეს ვერავინ წაართმევს. მიხარია, რომ ჩემი განცდა და სურვილი რეალურად დადასტურდა - ოპოზიცია ერთიანად იბრძვის გამარჯვებისთვის. მეორე ტურში ორმაგი უპირატესობა უნდა დავაფიქსიროთ“, - წერს ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში.
28 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ხმების 38.64% აქვს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს კი 37.73%. არჩევნების საბოლოო შედეგი 20 დღის ვადაში გამოქვეყნდება, რის შემდეგაც, არჩევნების მეორე ტური 2 კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს. მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე მიიღებენ მონაწილეობას.