„თუ გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს, ეს რეალური ნაბიჯი იქნება სამოქალაქო ომის დაწყების, ამაში დარწმუნებული ვარ. ამის თქმის საფუძველს ის მაძლევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რევანშისტული განწყობა და მიზანი აქვთ, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოიყვანონ, ციხიდან მერაბიშვილი და ახალაია გამოიყვანონ. ეს ყველაფერი მიმართული იქნება იმ პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაციისკენ, რომელიც სააკაშვილისთვის და მისი პოლიტიკური რეანიმაციისთვის პრობლემას წარმოადგენს. ფიზიკურ ლიკვიდაციას არცერთი ქართველი სახლში არ დაელოდება. ამ საფრთხის წინაშე ყველა გავერთიანდებით და იმ წყენას დავივიწყებთ, რაც შეიძლება ერთმანეთთან მიმართებაში ექვსი წლის განმავლობაში გვქონოდა“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
28 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ხმების 38.64% აქვს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს კი 37.73%. არჩევნების საბოლოო შედეგი 20 დღის ვადაში გამოქვეყნდება, რის შემდეგაც, არჩევნების მეორე ტური 2 კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს. მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე მიიღებენ მონაწილეობას.