დეპუტატის თქმით, 29 ოქტომბერს, გვიან ღამით, ვაშაძის შტაბის წევრები მისი ოჯახის კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურზე მომუშავე პირებს თავს დაესხნენ და პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის შემთხვევაში, ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ, დააზიანეს ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალა. ენზელ მკოიანის განცხადებით, ამ ფაქტის დამადასტურებელი ვიდეომასალაც არსებობს.
„ეს არ ყოფილა სპონტანური თავდასხმა მხოლოდ ერთ ობიექტზე. ერთი და იმავე ავტომობილით მოძრავმა პირებმა ანალოგიური თავდასხმა სხვა ბენზინსაგამართ სადგურებზეც განახორციელეს.
ხოლო დღეს, 30 ოქტომბერს, მას მერე, რაც ჩემმა მხარდამჭერებმა თავდამსხმელებისგან ახსნა-განმარტება მოითხოვეს, პასუხად კვლავ მუქარა და შეურაცხყოფა მიიღეს, რაც უკვე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა“, – აცხადებს პარლამენტის წევრი.
ახალქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრები ცემეს. „ძალა ერთობაშიას“ განცხადებით, თავდასხმას ენზელ მკოანის ძმა ხელმძღვანელობდა.
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.
ენზელ მკოიანი საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტში ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა. მკოიანი ხუთი მოწვევის პარლამენტის წევრია. 2008 წლიდან 2016 წლის არჩევნებამდე ის „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობიდან ნინოწმინდის მაჟორიტარი იყო.