„მთელი დღე მესმის, რომ ჩემით აშინებენ ადამიანებს, რომ მოვა ვაშაძე და შეიწყალებს სააკაშვილს.
ჯერ ერთი, მე არავის შესაწყალებელი არაფერი მჭირს. არც მარგველაშვილისთვის მიმიმართავს შეწყალებაზე და არც პრეზიდენტ ვაშაძეს ვაპირებ, მივმართო შეწყალებისთვის.
ვისი რა შესაწყალებელი მჭირს? ალბათ, ვიღაცაში გერევით. მე თითზე გადასახვევი არაფერი წამიღია საქართველოდან. რაც მქონდა, ყველაფერი ჩავდე საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, რომელიც ჩემი საკუთრებაც არ არის და წიგნებიც ჩავიტანეთ საკუთარი ხელით. ჩემი ოჯახი ცხოვრობს იქ, სადაც ცხოვრობდა ჩემი პრეზიდენტობის დროს.
მე არცერთი სხვა დანაშაული არ მიმიძღვის, გარდა იმისა, რომ ავაშენე ქართული სახელმწიფო. მე ვაპირებ ჩემი უფლებების სამართლებრივად დაცვას“, – განაცხადა სააკაშვილმა.
რაც შეეხება ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომლებიც სასჯელს იხდიან, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ციხის დატოვების შემდეგ უკეთესი იქნება, თუ ისინი პოლიტიკას არ დაუბრუნდებიან და ჯანმრთელობას მიხედავენ.
„პოლიტიკაში უნდა მოვიდეს ახალი ხალხი. უამრავი ახალი ხალხია საქართველოში. ამ ადამიანებს უნდა გავუხსნათ გზა“,– აღნიშნა სააკაშვილმა.
კითხვაზე, აპირებს თუ არა პოლიტიკაში დაბრუნებას, საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის მოქმედი პოლიტიკოსია და პოლიტიკიდან არ წასულა. სააკაშვილის თქმით, ის რომელიმე თანამდებობის დაკავებას არ აპირებს.