„ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში, ირაკლი სესიაშვილი, რომელიც თელავი-ყვარილის მაჟორიტარი დეპუტატიც არის, ამბობს, რომ დარწმუნებულია მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს, რადგან „ერთ მხარეს დგას შეუსრულებელი ძალადობის სურვილი, მეორე მხარეს კი, შეიძლება იდეალური ხელისუფლება არა, მაგრამ მშვიდობა, უსაფრთხოება და ქვეყნის განვითარება“.
ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში ვერანაირად ვერ დაბრუნდება, თუ არა რევოლუციური სცენარი.
„მწამებლებს რომ გამოუშვებენ, ფონს რომ შექმნიან, რომ ხელისუფლება უნდა შეცვალონ, ეს ბუნებრივია, რევოლუციური სცენარია, რაც მათ აწყობთ. დაძაბულობის პირობებში ეკონომიკა გაჩერდება, ინვესტორი აღარ შემოვა. ბიზნესმენს სააკაშვილის სახელს რომ უხსენებ, მაშინვე უნდა, რომ თავისი ბიზნესი გაყიდოს და გაიქცეს ქვეყნიდან.
ამ ვითარებაში, პროცესი რომ დაიძაბება, სულ რომ არანაირი თანამდებობა არ მეკავოს, მე ვიქნები პირველი ჯარისკაცი ვინც ამ ქვეყანას მოღალატეებისგან, მწამებლებისგან და კაცთმოძულეებისგან დაიცავს.
ბუნებრივად მივდივართ აქამდე. დარწმუნებული ვარ, ახლა სხედან, იძახიან ვაშაძე იმარჯვებსო და სიებს აკეთებენ ვინ უნდა დაიჭირონ. ჯერ კიდევ გვარამია როდის აცხადებდა ვინ უნდა დახვრიტოს, ვინ უნდა გაასამართლოს პირადად. რაც ვერ შეასრულეს, რომ ვერ დაგვხოცეს, ამის განხორციელებას გეგმავენ“, – ამბობს ირაკლი სესიაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.
28 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილს ხმების 38.64% აქვს, გრიგოლ ვაშაძეს კი 37.73%. არჩევნების საბოლოო შედეგი 20 დღის ვადაში გამოქვეყნდება, რის შემდეგაც, არჩევნების მეორე ტური 2 კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს.