weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია ქრთამის აღებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს

23:51 ხუთშაბათი, 01 ნოემბერი 2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს. როგორც მერაბ მუმლაძემ განაცხადა, ლაშა გოგიას წარმოდგენა არ აქვს, რას ედავება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

„ამ ეტაპზე რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს. მას წარმოდგენა არ აქვს, რა ბრალდებას ედავებიან და რა საქმეზეა საუბარი. არანაირი უკანონო ქმედება მას არ ჩაუდენია, შესაბამისად, პოზიციას აფიქსირებს, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს“, – განაცხადა ადვოკატმა მერაბ მუმლაძემ ლაშა გოგიასთან შეხვედრის შემდეგ.

ზუგდიდის ყოფილ მერს ბრალს სავარაუდოდ ხვალ წარუდგენენ.

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და მისი მოადგილე გია გულორდავა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დღეს დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით 21 500 აშშ დოლარი გამოართვეს.

ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ თანამდებობები 12 სექტემბერს, მიზეზის განმარტების გარეშე დატოვეს. 13 სექტემბერს „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ფარული ჩანაწერი, სადაც ტელეკომპანიის მტკიცებით, რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია მერსა და მის მოადგილეს კორუფციაში ამხელს და გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. ჩანაწერის მიხედვით, ბიზნესმენმა ჩინოვნიკებს ათი ათასობით ლარი კონკრეტული ობიექტების ხელში ჩაგდების სანაცვლოდ გადაუხადა, თუმცა, თანამდებობის პირებმა დანაპირები ვერ შეასრულეს, რამაც ბიზნესმენის უკმაყოფილება გამოიწვია. ჩანაწერის მიხედვით, ზურაბ კვირკვიამ ფული ლევან შონიასაც მისცა, რომელიც იმ დროს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი იყო. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, გარიგება ზუგდიდში მდებარე რამდენიმე ობიექტს ეხებოდა. კერძოდ, უნდა გამოცხადებულიყო ტენდერი და კვირკვიას ავტოსადგური, გულუას პარკი და რკინიგზის სადგური დაბალ ფასად უნდა გადასცემოდა.

ფარული ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო. 17 სექტემბერს ლაშა გოგიამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ უდანაშაულოა და პროვოკაციის მსხვერპლი გახდა.

მერის თანამდებობიდან გადადგომის მიუხედავად, ლაშა გოგია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ დარჩა და მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაშიც იყო ჩართული. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ზურაბიშვილი ზუგდიდის ოლქში დამარცხდა. მან ხმების 33.9% აიღო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი - 49.1%. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გოგიას დაკავება სწორედ წაგებულ არჩევნებს უკავშირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]