უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, შეხვედრებზე ცალკეული რეგიონების პრობლემებს განიხილავენ.
„გუშინ გვქონდა უმრავლესობის ფორმატში საარჩევნო შედეგების განხილვა, ახალი სტრატეგიის შემუშავება, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოსახლეობასთან მეტი სიახლოვე, მეტი ინფორმირება შევძლოთ პირდაპირი ხაზით და დავგეგმოთ, რომ მეორე ტურში მაღალი მაჩვენებლით გავიმარჯვოთ. დღეს ჩვენ ვიწყებთ ცალკეული რეგიონების განხილვას.
განვიხილავთ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში არსებულ პრობლემებს, კერძოდ, რატომ მოხდა ისე, რომ არ დადგა სასურველი შედეგი და დავგეგმავთ როგორ გავიდეთ სასურველ შედეგზე“, – განაცხადა ხუნდაძემ.
მცხეთა-მთიანეთის გარდა, დღეს შიდა ქართლში რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატებთან შეხვედრაც გაიმართება.
„იქნება ერთი ძალიან მკაცრი ვერტიკალი და უფრო მეტი ორგანიზებულობა და დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში არა მარტო გავიმარჯვებთ, არამედ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და შემდეგი ორი წელი, ვიდრე დადგება საპარლამენტო არჩევნები, აბსოლუტურად სხვა შედეგს დავდებთ, რაც პირდაპირ მოუტანს კეთილდღეობას საზოგადოებას“, – განაცხადა კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა.
უცნობია, ესწრება თუ არა შეხვედრას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის „ქართული ოცნება“ ორ საარჩევნო შტაბს შექმნის. ცენტრალურ შტაბს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს, თბილისის შტაბს კი პარტიის გენერალური მდივანი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჩაუდგება სათავეში.