საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოსალოდნელ შედეგებზე თიანეთი-დუშეთი-ყაზბეგის მაჟორიტარმა დეპუტატმა „ინტერპრესნიუსთან“ გააკეთა კომენტარი. მისი აზრით, „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის მხადამჭერთა შორის არიან როგორც ძველი „ნაციონალები“, ასევე „იდეური ხალხი“, რომელთა განეიტრალებაც შესაძლებელია.
„გამორიცხულია, რომ რომელიმე მხარემ რაიმე ხერხით არჩევნების ფალსიფიცირება შეძლოს, მაგრამ არსებობს უამრავი ტექნოლოგია და საშუალება, რომელთა ერთობლიობით შესაძლებელია მეორე ტურში ბევრად უკეთესი შედეგის დადება.
არსებობს ძალიან მარტივი ტექნოლოგია - საჭიროა განეიტრალდეს დავით ბაქრაძის მხარდამჭერთა ნახევარი და შესაბამისად, გრიგოლ ვაშაძის პროცენტი იგივე დარჩება.
თუკი ცენტრალური საარჩევნო შტაბი გამოიყენებს იმ საარჩევნო და პიარ ტექნოლოგიას, რითაც დავით ბაქრაძის მხარდამჭერთა ნახევარს მაინც გაანეიტრალებს, ვაშაძე შეიძლება მინუსებშიც წავიდეს. ცენტრალურ შტაბს ვურჩევდი ბაქრაძის მხადამჭერების ნაწილის განეიტრალების ტექნოლოგია გამოიყენონ“, – აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ამომრჩეველთა ხმების 38.64% (615 433 ხმა) აქვს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს - 37.73% (600 970 ხმა), „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს, დავით ბაქრაძეს კი 10.97% (178 849 ხმა).
არჩევნების პირველი ტურში დამარცხების შემდეგ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ „ევროპული საქართველო“ მეორე ტურში მხარს გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს.