weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვაშაძე აუცილებლად გახდება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი - ლევან ბერძენიშვილი

13:03 პარასკევი, 02 ნოემბერი 2018

რესპუბლიკური პარტიის ლიდერები გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შტაბში მივიდნენ და არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერა გამოუცხადეს. როგორც რესპუბლიკელების ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, ვაშაძესთან ყველა ის საკითხი განიხილეს, რომელიც საერთო ინტერესის საგანია.

„ჩვენ მოვედით, რომ გამოვხატოთ მხარდაჭერა გრიგოლ ვაშაძის მიმართ. საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტია მას მხარს უჭერს. გარდა ამისა, განვიხილეთ ის საკითხევბი, რომელიც საერთო ინტერესის საგანია. მაგალითად, ის, რომ პრეზიდენტმა უნდა იზრუნოს, რომ კონსტიტუციის პრეამბულაში ავიდეს ევროპული ინტეგრაციის, ნატო-ს ის საკითხები, რაც არის კონსტიტუციაში, მაგრამ პრეამბულაში არ არის, სამწუხაროდ. ასევე, ვიმსჯელეთ იმაზე, რომ შენახვა-შეძენაზე მსჯავრდებულები, პრეზიდენტმა შესაძლოა შეიწყალოს და გარდა ამისა, საუბარია სასამართლო სისტემაში სერიოზულ ცვლილებებზე.

გრიგოლ ვაშაძეს აქვს მოსაზრებები, რომელსაც ვეთანხმებით. ეს საკითხები განვიხილეთ და ვთქვით, რომ მას, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატს, რესპუბლიკური პარტია იმ რესურსებით, რაც აქვს, უჭერს მხარს“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილის თქმით, არჩევნების მეორე ტურის პროგნოზი არის ის, რომ ოპოზიციის კანდიდატი აუცილებლად გაიმარჯვებს და გრიგოლ ვაშაძე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გახდება.

„ახლა არის მხოლოდ ორი არჩევანი. ან უნდა დაუჭირო მხარი სალომე ზურაბიშვილს, ან გრიგოლ ვაშაძეს. ყველა სხვა გადაწყვეტილება პოლიტიკური კრახია.

პოლიტიკური პარტია, რომელიც ამბობს, რომ „გლეხი კაცისთვის არავინ არ არის“, ფაქტობრივად, თვითგანადგურების გზას ადგას. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ზოგიერთები კიდევ გადახედავენ საკუთარ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, აპატია თუ არა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდება, ლევან ბერძენიშვილმა თქვა: „დიახ, ბრალი დამდეს. ამის გამო თავის დროზე Facebook-ით მივმართე გრიგოლ ვაშაძეს და მადლობელი ვარ, რომ მან მიაქცია ამას ყურადღება. გავერკვიეთ ამ საკითხში, რაც დამთავრდა იმით, რომ მიხეილ სააკაშვილი პირადად მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ არ მიაჩნია თავისი ის საქციელი სწორად. საერთოდ, ბოდიშს ვინც მოიხდის უნდა აპატიო. ვფიქრობ, რომ არ არის იოლი საქართველოს პრეზიდენტი, ყოფილი ხარ თუ მოქმედი არ აქვს მნიშვნელობა, მიხვიდე კაცთან და მოუბოდიშო. მიმაჩნია, რომ ეს სერიოზული ნაბიჯი იყო მისი მხრიდან“.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ამომრჩეველთა ხმების 38.64% (615 433 ხმა) აქვს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს კი 37.73% (600 970 ხმა). არჩევნების მეორე ტური პირველი ტურის შედეგების ოფიციალური გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში ჩატარდება. მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, ვინც მეტ ხმას მიიღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]