„პატრიარქის თხოვნა და ვერდიქტი იყო, რომ საქართველოში ოპოზიცია არასოდეს აღარ უნდა იყოს განდევნის ობიექტი, დატერორებისა და დევნის საგანი და როგორც ყველა ნორმალურ, დემოკრატიულ ჩვენს მოკავშირე ქვეყანაში, უნდა გადაიქცეს ხელისუფლების ნაწილად, რომელიც აკრიტიკებს, რჩევებს აძლევს და აკონტროლებს ხელისუფლებას“, – აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.
ვაშაძის თქმით, კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრაზე საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებზეც ისაუბრეს.
„ჩვენთვის მისი ყველი სიტყვა მნიშვნელოვანია. უპირველეს ყოვლისა, ვისაუბრეთ იმ გამარჯვებაზე, რომელიც მთელმა საზოგადოებამ, ერმა და ბერმა მოიპოვა. რაც შეეხება იმ ბოდვით კანონპროექტს, რომელიც ე.წ. ხელისუფლებას ჰონდა, რომელიც საქართველოს ნარკოპლანტაციად გადაქცევას ითვალისწინებდა და ჩვენ ხელისუფლებას კიდევ ნარკორეალიზატორად გადააქცევდა, ეს ბრძოლა გასაგრძელებელია. ერთი წუთით არ შეიძლება ყურადღების მოდუნება, რადგან არ არსებობს ოლიგარქი, რომელიც 500%-იან მოგებაზე, როგორც თვითონ ამბობს, უარს იტყვის“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში, დაპირისპირებისა და ინციდენტების გარეშე უნდა ჩატარდეს.
ილია მეორეს დღეს ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები - გრიგოლ ვაშაძე, გიორგი ვაშაძე და ნიკა რურუა შეხვდნენ. გუშინ, 2 ნოემბერს კი საპატრიარქოში შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას ჰქონდათ. შეხვედრის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს მთავრობა პარლამენტიდან გაიწვევს.