weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, შევძლებ პირადული დავივიწყო – ოქრუაშვილი ვაშაძეს

23:08 შაბათი, 03 ნოემბერი 2018

„ქვეყანა არის ჩიხში შესული და ჩიხიდან გამოყვანა სჭირდება. თქვენ ამას რამდენად შეძლებთ, ბუნებრივია, ხალხზეა დამოკიდებული. მინდა, რომ წარმატება გისურვოთ“, - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუშვილმა გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრისას.

ყოფილი მინისტრის და გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გრიგოლ ვაშაძის შეხვედრა ოქრუაშვილის სახლში შედგა. მათი საუბრის ვიდეოჩანაწერს ვაშაძის საარჩევნო შტაბი ავრცელებს.

„ბატონო გრიგოლ, წარსულის რაღაც პერიპეტიებიდან გამომდინარე, ადვილი არ არის ჩემთვის იმ ნაბიჯის გადადგმა, რაზეც ვისაუბრეთ. ბუნებრივია, იმ რაღაც წყენების, დაპირისპირების, თუ რაღაც პერიპეტიების გამო, რაც იყო... მე ამაზე გარკვეული დრო დამჭირდება რომ ვიფიქრო, მაგრამ ერთი რამეა, როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, მე პირადულს ყოველთვის ვივიწყებდი და შევძლებ, რომ ახლაც დავივიწყო. დანარჩენი, ცოტა დამაცადეთ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენს ხალხს უნდა“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

გრიგოლ ვაშაძემ ოქრუაშვილს ოჯახში მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ „კარგი, მამაკაცური, ქართული“ საუბარი ჰქონდათ.

„კარგი იქნება, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ და შემდეგ ის ნაბიჯი გადავდგათ, რომელიც ჩვენს გონებას, გულს და სინდისს შეესაბამება. მარტივი არჩევანი გვაქვს: ან აქ გაიზრდებიან ჩვენი ბავშვები, ან იოცნებებენ ემიგრაციაში წასვლაზე, იმიტომ, რომ ამ ე.წ. ხელისუფლების პირობებში არც ნორმალური ბავშვობა ექნებათ, არც ყრმობა და არც უკვე ზრდასრული ასაკი“, - განაცხადა ვაშაძემ.

ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, მან ჯერ არ იცის, რა გადაწყვეტილება მიიღებს: „თუ ჩემი გადაწყვეტილების შედეგად თქვენთან რაიმე პირობა მექნება, ეს არის ის, რომ ჩემი შვილები უნდა გაიზარდონ უკეთეს საქართველოში“.

ირაკლი ოქრუაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გენერალური პროკურორის, შინაგან საქმეთა, თავდაცვის და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობებს იკავებდა. 2007 წელს ოქრუაშვილი ოპოზიციაში წავიდა, „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ დააფუძნა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უმძიმეს დანაშაულებებში დასდო ბრალი, მათ შორის, მკვლელობების შეკვეთაში. ირაკლი ოქრუაშვილი მალევე დააკავეს და ბრალი გამოძალვის, ფულის გათეთრებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის წაუყენეს. პატიმრობაში მყოფმა ოქრუაშვილმა სააკაშვილისადმი ყველა ბრალდება უარყო, ბრალი აღიარა და 10 მილიონი ლარის გირაოს სანაცვლოდ საპატიმროდან გათავისუფლდა. 2007 წლის 1 ნოემბერს ის საქართველოდან გააძევეს. ოქრუაშვილმა საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2008 წლის გაზაფხულზე ირაკლი ოქრუაშვილს ფულის გათეთრებისთვის 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, 2011 წლის ზაფხულში კი მთავარმა პროკურატურამ მის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის ახალი საქმე უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით.

ირაკლი ოქრუაშვილი საფრანგეთიდან საქართველოში 2012 წლის ნოემბერში, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ დაბრუნდა. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ოქრუაშვილს წინა ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით დევნიდა, რაც არ ნიშნავდა იმას, რომ ყველა ბრალდებაში უდანაშაულო იყო.

ირაკლი ოქრუაშვილი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დააპატიმრეს, თუმცა ორ თვეში გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მოგვიანებით სასამართლომ მას ყველა ბრალდება მოუხსნა. ოქრუაშვილი აცხადებდა, რომ 2007 წელს აღარებითი ჩვენება იძულებით მიაცემინეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]