„ჩვენ ეს შევძელით პირველ ტურში, ასევე შევძლებთ მეორე ტურში. ჩემი ვიზიტის მიზანი იყო შემეჯამებინა, უსაფრთხოების კონტექსტში როგორ ჩატარდა არჩევნები რეგიონებში, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი მუშაობის ხარისხი, მოქალაქეების უსაფრთხოებისა და არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების კონტექსტში, კიდევ უფრო ავამაღლოთ. მე ავიღე კურატორობა მთელ ქვეყანაში მშვიდ გარემოში არჩევნების ჩატარების კონტექსტში. ეს დამავალა პრემიერ-მინისტრმა და ამას შევასრულებ. რა თქმა უნდა, პოლიცია არჩევნებში ვერ ჩაერევა. პოლიცია იქნება უსაფრთხოების დამცველი. ყველა გადაცდომა და კანონდარღვევა იქნება აღკვეთილი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
სამეგრელოში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია უხელმძღვანელებს. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს შედგა, საარჩევნო შტაბს ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია ხელმძღვანელობდა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით 1-ელ ნოემბერს დააკავა.
არჩევნების პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდის ოლქში ამომრჩეველთა ხმების 33.91% (16 115 ხმა) აიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ - 49.41% (23 534 ხმა).
არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგი 20 დღის ვადაში გამოქვეყნდება, რის შემდეგაც, არჩევნების მეორე ტური 2 კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს.