weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თამარ ხულორდავა აფგან მუხთარლის საქმეზე – მე არ მინდა რომ რამე გამოვრიცხოთ

11:16 შაბათი, 17 ივნისი 2017

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა არ გამორიცხავს, რომ თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმეში ქართული სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ.

ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გადაცემა „რეაქციის“ წამყვანმა ინგა გრიგოლიამ ხულორდავას ჰკითხა ბოლომდე გამორიცხავს თუ არა იმას, რომ აფგან მუხთარლის გატაცებაში ქართული სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ, რაზეც ხულორდავამ უპასუხა,  რომ მას არაფრის გამორიცხვა არ უნდა.

„არა მგონია, რომ ვინმემ რამე უნდა გამოვრიცხოთ ამ ეტაპზე. ჩვენ გვაქვს კითხვები. მე არანაკლები კითხვები მაქვს, შეიძლება არანაკლები სიმწვავის, ვიდრე ევროპარლამენტს. ამ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი. მე არ მინდა, რომ დღეს რაიმე გამოვრიცხოთ იმიტომ, რომ თუ გამოვრიცხავთ, მაშინ საერთოდ რატომ ვატარებთ გამოძიებას. ჩვენ სრულფასოვნად უნდა გამოვიძიოთ ეს საქმე. ეს იქნება ძალიან რთული საქმე, მე მესმის ეს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ დაიდოს ფაქტები და პასუხები გაეცეს კითხვებს, რაც არსებობს“,- განაცხადა თამარ ხულორდავამ.

მისივე თქმით, უმჯობესი იქნება თუ აფგან მუხთარლის საქმეს პროკურატურა გამოიძიებს.

„იქიდან გამომდინარე, რომ საზღვარი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში, ალბათ, კარგი იქნებოდა მთავარ პროკურატურას დაექვემდებარებინა ეს საქმე და თავად გამოეძიებინა. ვფიქრობ, რომ ამის რესურსი ჯერ კიდევ არსებობს და თუ ეს გაკეთდება ძალიან კარგი იქნება. ეს დამატებით, ასე ვთქვათ, სანდოობას შეძენდა ამ პროცესს“, - აღნიშნა ხულორდავამ.

15 ივნისს ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომლითაც მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სწრაფი, საფუძვლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიება და დამნაშავეების დასჯა.

რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შუქი მოჰფინოს ყველა იმ ეჭვს, რომელიც უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების ჩართულობას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარებაში.

აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. მომდევნო დღეს კი აღმოჩნდა, რომ ბაქოში იყო დაკავებული. მუხთარლი ამბობს, რომ ის თბილისში, პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს, რომლებიც ქართულად საუბრობდნენ, მოგვიანებით კი ის აზერბაიჯანელებს გადასცეს. აზერბაიჯანის პროკურატურის განცხადებით, მუხთარლი ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე დააკავეს მას შემდეგ, რაც საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.

აფგან მუხთარლის ბაქოში წინასწარი სამთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდისა და სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობის გამო.

საქართველოში მუხთარლის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს. მუხთარლის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა რამდენჯერმე მოითხოვა, რომ საქმე პროკურტურამ გამოიძიოს. მისივე თქმით, ჟურნალისტის გატაცებიდან 2 კვირის გასვლის შემდეგ, გამოძიებას მნიშვნელოვანი შედეგი არ აქვს. მისი თქმით, დაკითხულია 200-ზე მეტი მოწმე, რომლებმაც საქმის შესახებ არაფერი იციან და არაფერი დაუნახავთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]