საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრების სამუშაოების დაწყებას გმობს და აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ეს უკანონო ქმედება მიზნად ისახავს ადგილზე ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასა და შემდგომ იზოლირებას დანარჩენი საქართველოსგან.
„საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელება კიდევ უფრო დაამძიმებს ადგილობრივი მოსახლეობის ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას. ქართულმა მხარემ დაუყოვნებლივ გააქტიურა ცხელი ხაზი, საქმის კურსში ჩააყენა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი სამხედრო შენაერთები საქართველოს ტერიტორიიდან.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის პროვოკაციულ ნაბიჯებს და ქმედითი ზომები მიიღოს რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის საპირისპიროდ.
საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელებას ყველა შესაბამის ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ფორმატებში დააყენებს.