weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

7 ნოემბერი წინა ხელისუფლების უმძიმესი შეცდომაა, „იმედში“ შესვლა ტრაგედია იყო – ვაშაძე

10:35 ოთხშაბათი, 07 ნოემბერი 2018

ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, 2007 წლის 7 ნოემბერი წინა ხელისუფლების უმძიმესი შეცდომა და გაკვეთილია ყველა შემდგომი ხელისუფლებისთვის.

როგორც ვაშაძე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ 2007 წელს ხელისუფლებასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა და არცერთი თანამდებობა არ ეკავა, სრულად იზიარებს პასუხისმგებლობას.

„ხელისუფლება ყოველთვის უნდა იყოს გამაერთიანებელი და პატივს სცემდეს ყველა მოქალაქის პოზიციას, მიუხედავად მათი პოლიტიკური ხედვებისა და სიმპათიების. სამწუხაროდ, ჩვენ ამ პრინციპს სათანადოდ არ ვცემდით პატივს, რაც დადასტურდა კიდეც 2007 წლის 7 ნოემბერს: ხელისუფლებამ, ნაცვლად იმისა, რომ ეთამაშა გამაერთიანებელი როლი, სამწუხაროდ თავისი ქმედებებით კიდევ უფრო გათიშა ისედაც პოლარიზებული საზოგადოება. ჩემთვის არავითარი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, მთავრობას ჰქონდა თუ არა ამ ზომების გამოყენების სამართლებრივი უფლება და საფუძველი. არ შეიძლება, ყველაფერი, რაც დაშვებულია, გამოიყენო. ხელისუფლებას მეტი დაფიქრება მართებდა მაშინ და მართებს ახლაც“, – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

მისივე თქმით, კიდევ უფრო მძიმეა ტელეკომპანია „იმედში“ შესვლის და მაუწყებლობის შეწყვეტის შემთხვევა. 

„ამას გამართლება ვერ ექნება და არც აქვს. ბევრჯერ მისაუბრია ამ საკითხზე ჩემს მეგობარ გიორგი თარგამაძესთან და ყოველი საუბრის ბოლოს, მივდიოდი დასკვნამდე, რომ ეს იყო ეროვნული ტრაგედიის მასშტაბის მოვლენა და ვერანაირი გამართლება ამის ჩამდენ ხელისუფლებას ვერ ექნება.

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი „იმედი“ სისტემატიურად მიძღვნის „ფეიკ ნიუსებს“, ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში, ვერავინ შეზღუდავს მედიის უფლებას, თუნდაც დამცინოს, დამაბრალოს სიცრუე, გაავრცელოს ყალბი ინფორმაცია ჩემზე ან სხვა რომელიმე პოლიტიკურ ლიდერზე. ეს პროფესიული სტანდარტის საკითხია და არ არის ხელისუფლების საქმე“, –  აღნიშნავს პრეზიდენტობის კანდიდატი.

ვაშაძე „ქართულ ოცნებას“ და მის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს იმის გამო, რომ „6 წლის თავზე არათუ იმეორებს თერთმეტი წლის წინანდელ შეცდომებს, არამედ დეკლარილებულად მტრებად აცხადებს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს, ვინც არჩევნების პირველ ტურში გაერთიანებულ ოპოზიციას დაუჭირა მხარი“.

„ივანიშვილს შემოაქვს გათიშულობა და ემუქრება საკუთარ მოქალაქეებს სამოქალაქო ომით, არეულობით და რეპრესიებით. სწორედ ეს იყო შვიდი ნოემბრის შეცდომა და ამას იმეორებს დღეს ივანიშვილი და ქართული ოცნება გაათმაგებული მასშტაბით. დღეს ჩვენ აუცილებლად შევძლებთ საზოგადოების გაერთიანებას.

პარტიების და პოლიტიკური ლიდერების უდიდესი უმრავლესობა, ვინც მაშინ იდგა რუსთაველზე და აპროტესტებდა მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკას, დღეს დგას ჩვენს გვერდით და აპროტესტებს ამ ხელისუფლების მიერ ქვეყნის კატასტროფამდე მიყვანას.

ჩვენ აღარ გვინდა 7 ნოემბერი, აღარ გვინდა წარსული, ყველა გაკვეთილი ნასწავლია, ყველა შეცდომა გაანალიზებულია, ყველა დასკვნა გამოტანილია. ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ მომავალზე. მივიდეთ არჩევნებზე და ავირჩიოთ მომავალი“, – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]