„არის მოკლედევადიანი თემები, რასაც აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება. ეს ერთი, რაც ჩვენზეა დამოკიდებული. სახელმწიფოში შექმნილი ეს აჟიოტაჟური სიტუაცია, რასაკვირველია, გავლენას ჰპოვებს კურსზე. სტრესებს, გამოწვევებს, შინაურს და საგარეოს, პატარა საქართველომ დიდი ხანია გაუძლო. ვფიქრობ, ეს სტაბილურობა შესანარჩუნებელია. მძიმე მდგომარეობა, ვფიქრობ, დროებითია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.
ეროვნული ბანკი საჯარო პირებსა და ექსპერტებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ვალუტის კურსის შესახებ უსაფუძვლო განცხადებებისა და პროგნოზებისაგან, რათა ამით კიდევ უფრო არ გაძლიერდეს არასწორი მოლოდინები. ბანკის განმარტებით, კურსის მერყეობა ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორებს არ უკავშირდება.
„დღეს ბაზარზე არსებული აშშ დოლარის ფასი გადაჭარბებულია და ეროვნული ბანკი მოსახლეობას და ეკონომიკურ აგენტებს ურჩევს, ნუ მიიღებენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, რომელიც, დიდი ალბათობით, მათვე დააზარალებს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7524 ლარი გახდა, ევროს კურსი კი 3.1386 ლარია.