weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

არჩევნების მეორე ტურში ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, როგორც 2012 წელს – ოლეგ იაძე

12:12 ოთხშაბათი, 07 ნოემბერი 2018

კასპის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის, ოლეგ იაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად „ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს“. როგორც იაძემ Qartli.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, პირველ ტურში კასპში სალომე ზურაბიშვილის მარცხი სირცხვილია, რაზეც პასუხისმგებლობას ადგილობრივ სამთავრობო გუნდს აკისრებს.

„მარტო ხელისუფლების დასამარცხებელი არ არის „ნაციონალური მოძრაობა“. ის ხალხმა უნდა დაამარცხოს. არ ეგონა საზოგადოებას, თუ ასეთი შედეგი დადგებოდა პირველ ტურში. მეორე ტურის არჩევნებზე ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, როგორც მაშინ, 2012 წელს და ცხვირში სილა უნდა გააწნას სამუდამოდ, ისე, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღარ იარსებოს. თუ დამაბრუნებენ კასპში და პარტიის ადგილობრივ გუნდს ვუხელმძღვანელებ, დიდი სიამოვნებით დავთანხმდები“, – აცხადებს კასპის ყოფილი გამგებელი.

მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს „ქართული ოცნების“ შტაბში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ბიძინა ივანიშვილმა „ძველ გვარდიას“ მიმართა: „ხუთი წელია პარტიის შტაბში ვარ. სულ ბიძინა ივანიშვილის გუნდში ვარ და თანამდებობის მაძიებლები მოღალატეებად მიმაჩნია. გამგებლის თანამდებობის დატოვების შემდეგ „ქართული ოცნების“ შტაბში სპორტის მიმართულებით ვმუშაობ და ოთახიც გვაქვს მეოთხე სართულზე“.

თბილისში, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, სადაც არჩევნებთან დაკავშირებით გუშინ მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდნენ, ოლეგ იაძეც მივიდა. ერთი დღით ადრე ბიძინა ივანიშვილმა „ძველ გვარდიას“ მიმართა და პირობა დადო, რომ „ქართული ოცნების“ ერთიან ოჯახში ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ ადგილს თავისი დამსახურების მიხედვით, არავის ღვაწლი არ დარჩება უყურადღებოდ“.

ყოფილი სამბისტი და მწვრთნელი ოლეგ იაძე კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობას 2012-2013 წლებში იკავებდა.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]