ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი რევანში და შურისძიებაა.
„მან პრაქტიკულად ჩვენება მისცა „დოიჩე ველეს“ და კვლავ ღიად დაანონსა, ძალადობრივი რეჟიმის არქიტექტორების და უშუალო მწამებლების უპირობო შეწყალება. ჩვენ გვაქვს არაორდინალური სიტუაცია, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი, არა ქვეყნის განვითარებას, არა საკუთარი კონსტიტუციური მოვალეობის პირნათლად შესრულებას, არამედ ასი ათასი კაცის გამოყვანას და ქვეყანაში არეულობას დაწყებას გვპირდება.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანი, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა და ქართველ ხალხზე შურისძიებაა, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშაძემ საკუთარ ინტერვიუში.
დარწმუნებულები ვართ, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ გასცემს საკადრის პასუხს 7 ნოემბრის, ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედებს. სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ქართველ ხალხთან ერთად არის და იქნება იმის გარანტი, რომ საქართველოში აღარასდროს განხორციელდება „ნაციონალური მოძრაობის“ რევანშისტული, რევოლუციური ზრახვები და არავის მივცემთ კანონის ჩარჩოებიდან გასვლის უფლებას“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
„დოიჩე ველეს“ რუსულმა სამსახურმა გრიგოლ ვაშაძესთან ინტერვიუ 7 ნოემბერს გამოაქვეყნა. ჟურნალისტმა ჟანა ნემცოვამ პრეზიდენტობის კანდიდატს ჰკითხა, რატომ არის ეს არჩევნები ასეთი მნიშვნელოვანი მაშინ, როდესაც კონსტიტუციით პრეზიდენტის როლი საკმაოდ სიმბოლურია.
„ეს სრული სისულელეა, რომ საქართველოს პრეზიდენტს საკმარისი უფლებამოსილებები არ აქვს, ბოდიში. პრეზიდენტი უმაღლესი მთავარსარდალია, ქვეყნის მთავარი წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობებში. მას აქვს ვეტოს უფლება, პრემიერ-მინისტრის დამტკიცების უფლებამოსილება, შეწყალების უფლება და მრავალი სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი.
და არ დაგავიწყდეთ, არსებობს კონსტიტუციის სულისკვეთება და სიტყვა. სულისკვეთება ნიშნავს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას. ვერავინ შემაკავებს ამისგან.
ვისურვებდი, მენახა ნებისმიერი მთავრობა, როდესაც მე მოვუწოდებ 50 ან 100 ათას ჩემს თანამემამულეს, გამოვიდნენ ქუჩებში და შეუერთდნენ ჩემს პროტესტს. ვინ შეაკავებს ამას? მხოლოდ წარმოიდგინეთ“, – უპასუხა გრიგოლ ვაშაძემ.
ვაშაძემ აღნიშნა, რომ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს და ყველა პოლიტიკურ პატიმარს, ასევე ქალ პატიმრებს, რომლებსაც „ექსტრაორდინარული არაფერი ჩაუდენიათ და რომლებსაც შვილები ჰყავთ“.