weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვეჯინის საბავშვო ბაღის მენეჯერი სამსახურიდან მოხსნეს - „რუსთავი 2“-ით გასული ჩანაწერისთვის“

18:39 ოთხშაბათი, 07 ნოემბერი 2018
ფოტო: Facebook ფოტო: Facebook

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის საბავშვო ბაგა-ბაღის მენეჯერი თამარ სიბაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ადვოკატის თქმით, თამარ სიბაშვილს „რუსთავი 2“-ის ეთერით გავრცელებული ჩანაწერის გამო დევნიან, რომელიც საჯარო მოხელეების მიერ ამომრჩევლებზე ზეწოლას ასახავს.

საქმე ეხება საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეს „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, ვეჯინში გურჯაანის მერის წარმომადგენლი ნიკოლოზ იმედაშვილი, სოფლის მაჟორიტარი ზურაბ მუხულიშვილი და სკოლის დირექტორი მარინე ჯიქიძე საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებს აიძულებენ ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ.

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ, თამარ სიბაშვილი საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა ლელა თევდორაშვილმა კაბინეტში დაიბარა და სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვა.

„30 ოქტომბერს, დილით, თამარ სიბაშვილს დაუძახეს და უთხრეს: ეს ჩანაწერი შენი გაკეთებულია, განცხადება უნდა დაწერო და წახვიდე, მშვიდობიანად დავცილდეთ ერთმანეთსო. ამან უთხრა, არ დავწერო. გუშინ დილით საბავშვო ბაგა-ბაღში აუდიტი მივიდა და მოედავნენ 4 წუთი დაიგვიანეო. დღეს უკვე გათავისუფლების ბრძანება ჩააბარეს.

ეს არის პოლიტიკური ნიშნით დევნა. ამ ეტაპზე ვერ გავასაჯაროვებ, მაგრამ მაქვს მტკიცებულებები, სადაც თამარ სიბაშვილს განცხადების დაწერას აიძულებენ“, – უთხრა „რეგინფოს“ ადვოკატმა გიორგი სიბაშვილმა.

ლელა თევდორაშვილი საბავშვო ბაგა-ბაღის მენეჯერის პოლიტიკური ნიშნით დევნის ბრალდებას უარყოფს. როგორც მან „რეგინფოსთან“ განაცხადა, გათავისუფლების საფუძველი თამარ სიბაშვილისთვის აპრილში დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი - საყვედური და რამდენჯერმე მიცემული სიტყვიერი გაფრთხილება გახდა.

„მე მისი პოლიტიკური შეხედულებებისა და კუთვნილების შესახებ არაფერი ვიცი, არც მაინტერესებს. თამარ სიბაშვილი გათავისუფლდა სამსახურებრივი მოვალეობების გულგრილი და არაჯეროვანი შესრულების გამო. გუშინ, მერიის აუდიტის სამსახურთან ერთად საბავშვო ბაგა-ბაღში მონიტორინგზე ვიყავით და გარკვეული სახის დარღვევები დავაფიქსირეთ, მათ შორის, სანიტარულ-ჰიგიენური დარღვევები, დაგვიანება. ბაღი, რომელიც 8:45 წუთზე უნდა იყოს ღია, 09:15 წუთზე ძლივს გახსნეს. თვითონ თამარმაც დაიგვიანა სამსახურში. აპრილში უარესი დარღვევები ჰქონდა, მათ შორის უსაფრთხოების კუთხითაც. გამომდინარე იქიდან, რომ ანალოგიური დარღვევების გამო თამარს აპრილში უკვე მიღებული ჰქონდა საყვედური, დაიწერა ბრძანება გათავისუფლებაზე. არ ვიცი, ვინ აიძულებდა მას განცხადების დაწერას“, – ამბობს ლელა თევდორაშვილი.

თამარ სიბაშვილი ვეჯინის საბავშვო ბაგა-ბაღს 11 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ის და მისი ადვოკატი სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებენ.

რაც შეეხება ფარულ აუდიოჩანაწერს, „რუსთავი 2“-ის ინფორმციით, ვეჯინში მერის წარმომადგენელი ნიკოლოზ იმედაშვილი წინასაარჩევნო დახურულ შეკრებაზე საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებს ავალებს, ხმის მიცემის შემდეგ კაბინიდან ბიულეტენი გამოიტანონ ისე, რომ შესამჩნევი იყოს, ვინ არის შემოხაზული.

„კაბინიდან რომ გამოხვალთ, ხელში გეჭიროთ ისე, რომ სხვამ დაგინახოს, ვინც იქნება იქ, რომ რა არის შემოხაზული. ეს არის მკაცრი დავალება, ჩვენგან არა, ზევიდან“, – ამბობს იმედაშვილი.

საკრებულოს დეპუტატი ზურაბ მუხულაშვილი კი თანამშრომლების მიერ წინასწარ შედგენილ სიებზე საუბრობს: „ისეთი სიები გაქვთ მოტანილი, ვინც თანამშრომლები ხართ, ყველას გასაგონად ვიძახი, რომ ჩათვალე მოგებულები ვართ. ეხლა ჩვენ რომ თავი დაგანებოთ, მაშინ უნდა ჩავყაროთ და მოვიგოთ. თუ რაღაცა გვინდა, ყველა პასუხისმგებელი ვართ. თუ ჩვენიანია, 48 უნდა შემოხაზოს“.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ჩანაწერში ისმის ვეჯინის სკოლის დირექტორის, მარინე ჯიქიძის ხმაც: „ბოდიში და ჩვენ გვინდა, რომ ვეჯინმა მოიგოს. თორემ სოციალურ ქსელში ვინც შევდივართ, ვხვდებით ჩვენ, ქვეყნის ელიტური ნაწილი უჭერს სალომე ზურაბიშვილს მხარს. ვეჯინი იზამს თუ არა, რაც საჭიროა, მაინც გაიმარჯვებს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]