„ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც ისაუბრა და ყველა ექსპერტი ამბობს, რომ აჟიოტაჟი და დაძაბულობა, მით უმეტეს რომელიმე კანდიდატი წინა პერიოდში თუ იძახის, რომ აპირებს სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებას, ეს ფინანსურ ბაზარზე გარკვეულ აჟიოტაჟს ქმნის. რასაკვირველია, მათი განცხადებები გავლენას ახდენს ლარის კურსზე. ეს ცნობილი ფაქტია, ამას არანაირი საპირისპირო აზრი არ შეიძლება ჰქონდეს“, – აღნიშნავს გია ვოლსკი „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლარის კურსის ვარდნის ერთ-ერთ მიზეზად საახალწლო სამზადისსაც ასახელებს.
„ვითარებაც დასტაბილურდება, საახალწლო პერიოდიც გაივლის და ვალუტაც შესაბამის რეაგირებას გააკეთებს“, – ამბობს ვოლსკი.
ორი დღის წინ ეროვნულმა ბანკმა საჯარო პირებსა და ექსპერტებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ვალუტის კურსის შესახებ უსაფუძვლო განცხადებებისა და პროგნოზებისაგან, რათა ამით კიდევ უფრო არ გაძლიერდეს არასწორი მოლოდინები. ბანკის განმარტებით, კურსის მერყეობა ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორებს არ უკავშირდება.