ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“ ირაკლი ოქრუაშვილმა განმარტა, რატომ მიიღო ვაშაძისთვის ხმის მიცემის გადაწყვეტილება. მისი თქმით, ეს არის იძულებითი არჩევანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაუტოვა.
„მოხდა ისე, რომ ეს არჩევანი მორალურად ურთულესია, იმიტომ, რომ გრიგოლ ვაშაძე ასოცირდება რთულად გასახსენებელ მომენტებთან. მეორე მხარეს არის ქალბატონი, რომელიც აბსოლუტურად შორს არის ჩვენი იდენტობისგან, იმ ხასიათისგან, რაც ზოგადად ქართველებს და ამ ქვეყანაში მაცხოვრებლებს გაგვაჩნია; ქალი, რომელიც აფხაზეთს განგრენას ეძახის და ომის დაწყებას გვაბრალებს. მეორე მხარეს არის აბსოლუტური ჭაობი.
თუ გვინდა, რომ ამ ჭაობიდან ამოსვლის პერსპექტივა გავაჩინოთ, უნდა დავუჭიროთ მხარი ცვლილებას. ჩემთვის ცვლილება არის მათი საწინააღმდეგო. მე ამ არჩევნებზე წავალ, ხმას მივცემ ივანიშვილის და ზურაბიშვილის წინააღმდეგ და ეს „წინააღმდეგ“ ტოლობის ნიშანი იქნება გრიგოლ ვაშაძის სახით“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხება, ქვეყანაში „მესამე ძალის“ შექმნის წინაპირობა გახდება.
„ივანიშვილმა ნაჯახით ჩეხა ექვსი წლის განმავლობაში შუა, გაკრიფა ყველაფერი, არავის დაუტოვა, არც ჩემნაირებს და არც სხვანაირებს პოლიტიკაში შუაში ყოფნის საშუალება და ამიტომ მივიღეთ ეს ყველაფერი.
თუ ამ არჩევნებში ივანიშვილი დამარცხდება, შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისათვის გაჩნდება შანსი, რომ ასეთი რთული არჩევანის წინაშე აღარ დავდგეთ“, – აღნიშნა ოქრუაშვილმა.
ირაკლი ოქრუაშვილი და გრიგოლ ვაშაძე ერთმანეთს არჩევნების პირველი ტურის შემდეგ შეხვდნენ. ოქრუაშვილმა ვაშაძეს უთხრა, რომ „როდესაც საქმე ქვეყანას ეხება, შეძლებს პირადული დაივიწყოს“.