weather cur horoscope tv
ნოემბერი 04, 2024

„ნაცმოძრაობა“ ემიგრანტებს საელჩოების სახელით ლეგალურად ცხოვრებას ჰპირდება – ქაცარავა

12:16 შაბათი, 10 ნოემბერი 2018

„ნაციონალურ მოძრაობას“, „რუსთავი 2“ ის დახმარებით, დაწყებული აქვს მორიგი ბინძური კამპანია საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების წინაღმდეგ, რომელიც არჩევნების დისკრედიტაციას და ამისთვის ყალბი მტკიცებულებების შექმნას ემსახურება“, –  განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ.

როგორც ქაცარავამ აღნიშნა, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, „ნაციონალურ მოძრაობას“ შექმნილი აქვს სპეციალური ჯგუფები, ე.წ მიკროშტაბები, რომელთა მეშვეობითაც, საკონსულოებისა და საელჩოების  სახელით  საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს უკავშირდებიან, მიზანმიმართულად ატყუებენ და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის სანაცვლოდ, უცხოეთში ლეგალურად ცხოვრების, მუშაობის, თუ თავშესაფრის მიღებისთვის საჭირო დახმარებას ჰპირდებიან.

„ამასთან, ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს საკონსულოებს საარჩევნო ბიულეტენებიც კი უკვე ჩაყრილი აქვთ საარჩევნო ყუთებში მათ ნაცვლად.

აღნიშნული დაჯგუფებები მოქალაქეებს კონსულის სახელით ჰპირდებიან, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემის შემთხვევაში, საარჩევნო უბანზე ავტომობილით მიიყვანენ. ასევე, ვითომდა, აღრიცხვაზე დადგომის მოტივით, მოქალაქეებს პირად მონაცემებს ართმევენ.

ისინი აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებს და „ფეიკ“ გვერდების საშუალებით ამ და სხვა ტიპის ცრუ ინფორმაციის შემცველ ცნობებს და ვიდეოებს ავრცელებენ“ – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე ემიგრანტებს მოუწოდებს მსგავსი ტიპის თაღლითური შემოთავაზების შემთხვევაში, აუცილებლად დაუკავშირდენენ საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს და გადაამოწმონ ნებისმიერი საეჭვო ტიპის ინფორმაცია.

„მინდა მივმართო შესაბამის უწყებებს და ორგანოებს, ზემოთ აღნიშნული შესაძლო თაღლითური სქემები აუცილებლად სასწრაფო რეჟიმში იქნას გამოძიებული და გაშიფრული და დადასტურების შემთხვევაში აუცილებლად მიღებული იქნას შესაბამისი სამართლებრივი ზომები“, – აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებას ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა და მას ზღაპარი უწოდა.

„მეორე ტურში რომ გავიმარჯვებთ, ალბათ „ქართული ოცნება“ რუსთაველზე გამოვა და მიტინგს მოაწყობს - გაერთიანებულმა ოპოზიციამ გააყალბა არჩევნებიო. ხომ ხედავთ, რამდენად არაადეკვატურია მათი განცხადებები. ახლა რაღაცნაირად უნდათ გაამართლონ, რატომ წააგო სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში, თავის სამშობლოში საარჩევნო უბანი. საკონსულოებიც მათია, კომისიებიც მათია, საარჩევნო უბნებიც მათია, ბიულეტენებსაც ისინი ბეჭდავენ, ყველაფერს ისინი აკეთებენ, მაგრამ წააგეს“, – განაცხადა ვაშაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]