„ნაციონალური მოძრაობა“ არა და ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში. ჯერ ერთი იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა დანარჩენ 10 პარტიასთან ერთად არის თანასწორი წევრი გაერთიანებული ოპოზიციის. მეორე იმიტომ, რომ
უკვე დაიწყო ფართო პოლიტიკური ფრონტის შექმნა, რომელსაც რესპუბლიკური პარტია უკვე შეუერთდა. ნახავთ, რომ უახლოეს მომავალში ეს პროცესი ძალიან პოზიტიურად გაგრძელდება. ეს ყველა პარტია არის იმის გარანტია, რომ არც „ნაციონალური მოძრაობის“, არც „ქართული ოცნების“ და არც სხვა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ერთპიროვნული მმართველობა ამ ქვეყანაში აღარ იქნება.
პარტია, რომელიც იღებს 50%-ზე ნაკლებს, მახინჯი საარჩევნო სისტემის გამო, ვეღარასოდეს მიიღებს კონსტიტუციურ უმრავლესობას და ვეღარ მოგვახვევს თავზე ცხოვრების ისეთ წესს, რომელიც მიუღებელია საქართველოს მოქალაქისთვის“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მისივე თქმით, მთავრობაში ძველი სახეები არ დაბრუნდებიან: „არავითარი ძველი სახეები მთავრობაში არ იქნება. ყველა ითხოვს ახალგაზრდა, პროფესიონალი ადამიანებით დაკომპლექტებულ მთავრობას“.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ამომრჩეველთა ხმების 38.64% (615 433 ხმა) აქვს, გრიგოლ ვაშაძეს კი 37.73% (600 970 ხმა). არჩევნების მეორე ტური პირველი ტურის შედეგების ოფიციალური გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში ჩატარდება. მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, ვინც მეტ ხმას მიიღებს.