„გამოკვეთილად, სხვადასხვა უხამსი სიტყვებით სამივეს მიმართულებით გაჟღერდა „შუბლს გაგიხვრეტავ“, თქვენს „სისხლს დავლევო“. მუქარა რეალურია, რამეთუ ავტორები, იდენტიფიცირებული პირები არიან, ყოფილი სამხედროები დაკავშირებული თავისივე სტატუსებიდან გამომდინარე, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის მეთაურებთან. ძალიან შეურაცხმყოფელია ქვეყნისთვის, რომ ასეთი ადამიანები, ვინც ემუქრებიან ქალს და მის შვილებს, მანიპულირებენ სამხედრო ძალის სახელით, იმ ძალის რომელიც ჩვენს ქვეყანაში და ჩემთვის პირადად ქართული ვაჟკაცობის, ღირსების და თავდადების სიმბოლოა.
ამ წინა საარჩევნო პერიოდში, ქვეყნის სტაბილურობა მეტად მნიშვნელოვანია და ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატზე და მის ოჯახზე სიცოცხლის მოსპობის მუქარის გავრცელება მეტად სერიოზულად უნდა იყოს მიღებული“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტობის კანდიდატს არ დაუსახელებია იმ პირების ვინაობა, ვინც მას და მის ოჯახს დაემუქრნენ. მისი თქმით, მან უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის უწყებებს, რათა დაუყონებლივ მოახდინონ რეაგირება მოცემულ ფაქტებზე, რომ დროულად იქნას აღკვეთილი ყველა მცდელობა, რომელიც მიმართულია დესტაბილიზაციისკენ და არეულობისკენ.