როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩებნო შტაბის უფროსმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, აჭარაში მეორე ტურის შედეგებზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურია. ვაშაძის თქმით, სამეგრელო შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას აქვს ჩაბარებული, იმერეთი – სუს-ის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილს, ხოლო კახეთი – „გოგაშვილი-თამაზაშვილის დაჯგუფებას“. ვაშაძის ინფორმაციით, შიდა ქართლში არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებელი შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძეა, ქვემო ქართლში – ლექსო დალაქიშვილი, რომელიც, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი და ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მარჯვენა ხელია.
„ამ პირებს აქვთ სამი დავალება – პირველი, მოიძიონ გრიგოლ ვაშაძის და გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები, მათგან აიღონ პირადობის მოწმობა და მასში გადაიხადონ 50 ლარი, ანუ ქირაობენ პირადობის მოწმობას, რომ ეს ხალხი ვერ მივიდეს არჩევნებზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისი ინფორმაციით, პირადობის მოწმობების ქირაობის ფაქტები დაფიქსირებულია სამეგრელოში, კახეთში, იმერეთსა და ქვემო ქართლში. ვაშაძის განცხადებით, მეორე დავალებაა საჯარო სექტორში დასაქმებულებზე ზეწოლა, რათა მათ ხმა მისცენ სალომე ზურაბიშვილს და მესამე – საპატრულო პოლიციის თანამშრომლები უბნების ხელმძღვანელებს აწერინებენ ახსნა-განმარტებებს, რატომ დამარცხდა ზურაბიშვილი პირველ ტურში და რა შესაძლებლობები არსებობს მეორე ტურისთვის.
ოპოზიციის ბრალდებებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, თანამდებობის პირები არიან იქ, სადაც მათი სამინისტროების საქმეებია.
„იმის გამო, რომ ვაშაძე არის შეწუხებული, სახელმწიფო ფუნქციონირებას ვერ შეაჩერებს. ეს არის ის სერია, რომელიც უკვე ნანახი აქვს საზოგადოებას. პირველ ტურშიც ისინი ხმამაღლა ყვიროდნენ, რომ არჩევნები ყალბდება, რომ მათ ართმევენ ხმებს. სინამდვილეში, ვინც სიყალბესთან არის კავშირში ეს არის მათი პარტია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ამომრჩეველთა ხმების 38.64% (615 433 ხმა) აქვს, გრიგოლ ვაშაძეს კი 37.73% (600 970 ხმა).
არჩევნების მეორე ტურის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.