weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

2019 წელს მუნიციპალიტეტები 107 მილიონი ლარით მეტს მიიღებენ – ზაზა გაბუნია

11:11 ოთხშაბათი, 14 ნოემბერი 2018

„2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგება. მუნიციპალიტეტები მიიღებენ 107 მილიონი ლარით მეტს, ვიდრე მათ ჰქონდათ შემოსავლის, მხარდაჭერისა და დაფინანსების სახით მიმდინარე წელს“, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით, დეცენტრალიზაციის რეფორმაზე საუბრისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ფისკალური დეცენტრალიზაციაა.

„ჩვენი ინიციატივაა ევროპული ქარტიის დამატებითი ოქმი, რომლითაც საქართველო შეუერთდება კიდევ ერთ დიდ ევროპულ დოკუმენტს თვითმმართველობის საკითხებში. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტში, რომელსაც განვიხილავთ, გვაქვს პროგრამა, რითაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამარტივდება და გაძლიერდება მოქალაქეების ჩართულობა. მინდა, გითხრათ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა იმ ამოცანების სრულყოფისთვის, რომელზეც ახლა მე ვისაუბრე, იმისთვის რომ მოქალაქემ თავად გადაწყვიტოს, როგორ განვითარდეს. როგორ გახადოს უფრო უკეთესი გარემო, რომელშიც მას უწევს ცხოვრება. ეს არის 2019 წლის ბიუჯეტის ხაზგასასმელი სიახლე“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მისი თქმით, თვითმმართველობის კომიტეტმა 2019-2022 წლებში რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში გაზიფიცირებისთვის გამოყოფილი თანხის გაზრდა მოითხოვა.

„კომიტეტისთვის მნიშვნელოვანია წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია. ასევე მნიშვნელოვანია მყარი ნარჩენების მართვის პროგრამის დივერსიფიკაცია. ამ მიმართულებით 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 41 მილიონი ლარი, რაც თითქმის ოთხჯერ აღემატება წინა წლის ბიუჯეტის მაჩვენებელს. კომიტეტისთვის ცხადია, პრინციპული საკითხია მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კანონის შესრულება“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, 2019 წლის ბიუჯეტში შეტანილია რეკომენდაცია სასკოლო და სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის დამატებითი ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ. სკოლების რეაბილიტაციისთვის 120 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ზაზა გაბუნიამ ისაუბრა ასევე საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. მისი თქმით, ხელშეკრულება გაფორმდა კონტრაქტორთან, რომლის მიხედვითაც სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე სამუშაოები განახლდება.

„ჩვენ იქ მივიღებთ მაღალი დონის კომფორტულ გზას. ამავდროულად, საერთაშორისოსთან ერთად, აღდგენილი იქნება რეგიონული და მუნიციპალური მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა, ეს ნიშნავს ახალ გზებს, ახალ ხიდებს, გვირაბებს. ამ გეგმების განხორციელება ნიშნავს მეტ გაზიფიცირებულ დასახლებას, გაუმჯობესებულ წყალმომარაგებას, უკეთეს საცხოვრებელ გარემოს, მოქალაქეთა მეტ მონაწილეობას საკუთარი პრობლემების, საკუთარი საჭიროებების გადაწყვეტის პროცესში, რაც გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობის საკითხია, როდესაც ვლაპარაკობთ სახელმწიფოზე და მოქალაქის როლზე“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]