weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

არასამთავრობოები ცესკოს მოუწოდებენ არჩევნების II ტური სამუშაო დღეს არ დანიშნოს

13:04 ოთხშაბათი, 14 ნოემბერი 2018

არასამთავრობო ორგანიზაციებისაერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, სამართლიანი არჩევნები და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევენ, რომ არჩევნების მეორე ტურისთვის ოპტიმალური თარიღი 1-ლი დეკემბერი, შაბათი იქნებოდა. მათი განცხადებით, არჩევნების 28 ნოემბერს, ოთხშაბათს ჩატარება პრობლემას უქმნის საქართველოში და საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს.

ცესკოს სხდომა დღეს 13:00 საათზე იყო დანიშნული, თუმცა 19 საათისთვის გადაიდო. სხდომის დღის წესრიგით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაცია პირველი ტურის შედეგების შეჯამებასთან ერთად, კენჭისყრის თარიღსაც განსაზღვრავს. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნები 28 ნოემბერს, ოთხშაბათს დაინიშნება.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსის 104-ე მუხლის თანახმად, ცესკო არჩევნების შედეგებს აჯამებს და შემაჯამებელ ოქმს ადგენს კენჭისყრის გამართვიდან არაუგვიანეს მეოცე დღისა, რაც დღევანდელი მოცემულობით 17 ნოემბერს, შაბათს წარმოადგენს. საარჩევნო კოდექსი არ ავალდებულებს ცესკოს შედეგები შეაჯამოს და გამოაცხადოს საარჩევნო დავების დასრულებისთანავე. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს კანონისმიერი შესაძლებლობა არჩევნები შეაჯამოს შაბათს, 17 ნოემბერს და აქედან გამომდინარე კენჭისყრის თარიღი დანიშნოს არასამუშაო დღეს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, რიგი საქართველოს მოქალაქეებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლების რეალიზება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება შემდეგ მიზეზთა გამო:

საარჩევნო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, არჩევნების დღე უქმე დღედ ცხადდება, თუმცა არჩევნების სამუშაო დღეს გამართვა სერიოზულ პრობლემას უქმნის საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.

მათთვის განსაკუთრებულად რთულდება საარჩევნო უფლების რეალიზება იმ ვითარებაში, როდესაც არჩევნები სამუშაო დღეს ტარდება, რადგან საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საზღვარგარეთ უქმე დღე არ იქნება.

სამუშაო კვირის შუა პერიოდში არჩევნების გამართვა საქართველოში მცხოვრები მოქალაქეებისთვისაც გარკვეულ დაბრკოლებას წარმოადგენს, რადგან ხშირ შემთხვევაში ამომრჩეველს საკუთარი რეგისტრაციის ადგილზე სჭირდება მისვლა, რაც ხშირად ერთი ქალაქიდან მეორეში გადაადგილებას გულისხმობს, რისთვისაც ერთი სამუშაო დღის უქმედ გამოცხადება საკმარისი არ არის.

სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის თარიღად 1 დეკემბრის, შაბათი დღის განსაზღვრა საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრები თანამოქალაქეების საარჩევნო უფლებების რეალიზების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. შესაბამისად, მოვუწოდებთ ცესკოს გაიზიაროს იგივე სულისკვეთება და პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადების თარიღთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალურად გაითვალისწინოს საქართველოს თითოეული მოქალაქის საარჩევნო უფლების რეალიზების მნიშვნელობა“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]