„რა თქმა უნდა, მე მწამს ქართველი ხალხის და დარწმუნებული ვარ, რომ არ იქნება დაშვებული ქვეყნის პრეზიდენტად საბჭოთა დიპლომატის არჩევა.
ვაშაძის კანდიდატად წარდგენა სააკაშვილის მხრიდან, რუსეთის ინტერესების თანხვედრაში გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
შესაბამისად, რევანშისტების გამარჯვება ყველა იმ მიღწევის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას ნიშნავს, რაც ერთობლივად შევძელით და რასაც ევროპარლამენტი ასე პოზიტიურად აფასებს.
საქართველოს თვითოეულ მოქალაქეს გასაკეთებელი გვაქვს პრინციპული არჩევანი, ტოტალიტარულ წარსულსა და ევროპულ მომავალს შორის და მე, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ რომ ქართველი ხალხი აირჩევს პროგრესს და აირჩევს ევროპულ მომავალს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, საქართველოსადმი მხარდამჭერი პოზიციების გამოხატვის პარალელურად, „სამარცხვინოდ შეფასდა პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ წარმოებული ბინძური და შეურაცმყოფელი კამპანია“.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38.64% (615 433 ხმა) მიიღო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ კი 37.73% (600 970 ხმა). არჩევნების მეორე ტურის თარიღი ამ დროისთვის უცნობია.