თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესებაა.
„სწორედ ამ პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენ გამოკითხვა ჩავატარეთ სამხედრო მოსამსახურეებთან, რის შედეგადაც დავადგინეთ პრიორიტეტული საჭიროებები. განსაკუთრებული მოთხოვნა იყო ისეთი ტიპის სამედიცინო ცენტრის არსებობა დასავლეთ საქართველოში, როგორიც აღმოსავლეთ საქართველოშია. ორი წლის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, დასავლეთ საქართველოშიც გვქონოდა თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრი“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
სამინისტროს ცნობით, ახალი ცენტრი ლევან იზორიას ინიციატივით, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის კანონით გათვალისწინებული შიდა შემოსავლებით, გენერალურ შტაბთან კოორდინაციით, აშენდა და აღიჭურვა. ცენტრი სამედიცინო სფეროში არსებულ თანამედროვე მოთხოვნებს აკმაყოფილებს. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 1 700 000 ლარი სამედიცინო აპარატურით აღჭურვას მოხმარდა.
„პროექტის შედეგად გაიზრდება სამხედრო მოსამსახურეებისთვის სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა, დაიზოგება რესურსები და შემცირდება დასავლეთ საქართველოდან პაციენტების ტრანსპორტირებაზე დახარჯული დრო. მაღალკვალიფიციური ამბულატორიული და ჰოსპიტალური სამედიცინო მომსახურება კი მათ მოტივაციას აამაღლებს“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
მათივე ცნობით, სამედიცინო ცენტრის პერსონალის შერჩევა ღია კონკურსის წესით მოხდება. გათვალისწინებულია 78 საშტატო ერთეული, ხოლო 30 თანამშრომელს ხელშეკრულების საფუძველზე დაასაქმებენ.