weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზუგდიდში ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემის პირობით ამომრჩეველს 50-50 ლარი დაურიგეს – TI

18:55 პარასკევი, 16 ნოემბერი 2018

სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გაიზარდა შემთხვევები, სადაც შესაძლოა ამომრჩევლის მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იკვეთებოდეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცახებით, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების შემთხვევებთან დაკავშირებით ინფორმაციას გრძელვადიანი დამკვირვებლების მეშვეობით სხვადასხვა რეგიონიდან პერიოდულად იღებენ.

დამკვირვებლების ცნობით, რუსთავში დევნილთა კომპაქტური დასახლების ადგილებში „ქართული ოცნების“ კოორდინატორები იძულებით გადაადგილებულ პირებს სთავაზობენ იუსტიციის სახლში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სახელზე სოციალური დახმარების მოთხოვნით განცხადების დაწერას და არწმუნებენ მათ, რომ ისინი დახმარებას მიიღებენ, სანაცვლოდ კი ხმა სალომე ზურაბიშვილს უნდა მისცენ.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალ აბასთუმანში ზუგდიდის მერის წარმომადგენელი ზაზა ქადარია რამდენიმე ამომრჩეველს ხმის მიცემის სანაცვლოდ დაპირდა სოციალური დახმარების შესაძლო დანიშვნას, მაცხოვრისკარის უბანში კი ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემის პირობით მოსახლეობის ნაწილს 50-50 ლარი დაურიგეს“, – აცხადებს სადამკვირვებლო ორგანიზაცია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და მთავარ პროკურატურას, დაინტერესდნენ აღნიშნული ინფორმაციით და მიიღონ შესაბამისი ზომები.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელშიც „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მიიღებენ მონაწილეობას, 28 ნოემბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]