პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, 2022 წლამდე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა ჰქონდეს სრულად განახლებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მოძრავი საშუალებები და ახალი ტექნიკა.
მამუკა ბახტაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქებისას სამაშველო სამუშაოების მონაწილე სამაშველო სამსახურის პირად შემადგენლობას.
„თქვენ სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინეთ ჩვენი სამი მოქალაქე. სამწუხაროდ, გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი შვილთან ერთად. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახს და მთელს საქართველოს ეს უზარმაზარი ტრაგედია. ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისა და რიგითი მოქალაქისთვის აუცილებელია, თითოეულ მოქალაქეს ყოველთვის ჰქონდეს განცდა, რომ როდესაც იქნება განსაცდელსა თუ გასაჭირში, არსებობენ გმირები, რომლებიც ნებისმიერ მომენტში მზად არიან, მათ ოპერატიულად დაეხმარონ. მსურს, კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ გამოჩენილი ვაჟკაცობისა და სამშობლოსთვის თავდადებისთვის. თითოეული თქვენგანი ჩვენთვის ნამდვილი გმირია“, – მიმართა ბახტაძემ სამაშველო სამსახურის პირად შემადგენლობას.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილია სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, ყველა მაშველს, რომელიც ჩვეულებრივზე უფრო სახიფათო საქმეს შეასრულებს ან გამორჩეულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, ფულადი წახალისება ექნება.