„ჩვენი მხრიდან დავით ბაქრაძის მხარდაჭერა განპირობებული იყო მისი დიპლომატიური გამოცდილებით. გვჯეროდა, რომ ეს იყო ქვეყნის ევროპული არჩევანი. მეორე ტურში ჩვენთვის მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა.
ვემიჯნებით რუსულ სცენარს, სააკაშვილ-ვარშალომიძის მობრუნებას. ამიტომ თანამებრძოლებთან ერთად სრული შემადგენლობით ვტოვებთ პარტიის აჭარის ორგანიზაციას, მათ შორის ხულოს, ხელვაჩაურის, ბათუმის და ქობულეთის ორგანიზაციების ხელმძღვანელები“, – განაცხადა რაულ თავართქილაძემ.
„ევროპული საქართველოს“ გენერალურ მდივანს, გიგი უგულავას მიაჩნია, რომ მის ყოფილ თანაპარტიელებზე ზეწოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განახორციელა, რის შედეგადაც მათ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.
„ჩვენთვის მათი გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. ვნახეთ შეშინებული ადამიანები, რომელთა ტექსტებს სუს-ის და „ქართული ოცნების“ კვალი ეტყობოდა. მათთვის კარგად იყო ცნობილი, რომ თვეების წინ მოეწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთმანეთს დაუჭერდნენ მხარს. რაულ თავართქილაძემ სუს-სგან ფული აიღო“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, „ევროპული საქართველო“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის 8 წევრმა დატოვა, რასაც პარტიაში არ ადასტურებენ. როგორც „რეგინფოსთან“ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა, მათთვის ცნობილია, რომ არჩევნებზე მათ სასარგებლოდ მხოლოდ ორი აგიტატორი აღარ იმუშავებს.