weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ამომრჩევლის ამ მასშტაბის სავარაუდო მოსყიდვა საქართველოსთვის უპრეცენდენტოა – არასამთავრობოები

07:23 სამშაბათი, 20 ნოემბერი 2018

არასამთავრობო ორგანიზაციები „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ საქართველოს პროკურატურას მოუწოდებენ, დროულად და ობიექტურად გამოიძიოს მთავრობის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც 600 000 მოქალაქეს ვალები ჩამოეწერება.

ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ მთავრობის ინიციატივა, რომელიც ფონდი „ქართუს“ მიერ განხორციელდება, სავარაუდოდ, ამომრჩეველთა მოსყიდვის უპრეცედენტო შემთხვევაა, რომლითაც სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.

„ხელისუფლების მიერ გაჟღერებული გადაწყვეტილება ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს და მიმართულია მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მეორე ტურში ამომრჩეველთა გულის მოგებისკენ.

საქართველოს „სისხლის სამართლის კოდექსის“ თანახმად „საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მიღება, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით“.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი საქართველოსთვის უპრეცენდენტოა. აღნიშნული ინიციატივა თავისი მასშტაბებით უდავოდ მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგებზე.

მართალია, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა „ქართუ“ ჯგუფის სარეგისტრაციო დოკუმენტებში არ ფიგურირებს, საზოგადოებისთვის ეს ორგანიზაცია სწორედ მასთან და მის ოჯახთან ასოცირდება. გარდა ამისა, ფონდი „ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე პირდაპირ ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. შესაბამისად, არჩევნების მეორე ტურის წინ „ქართუ“ ჯგუფის მიერ მსგავსი მასშტაბის და ოდენობის ფინანსური სესხის დაფარვაზე ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადება, ბუნებრივად ასოცირებული იქნება ბიძინა ივანიშვილთან და მის მიერ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ წარმოებულ კამპანიასთან.

არდა ამისა, ბუნდოვანი და გაუმჭვირვალეა, თუ რა მოლაპარაკებებს ჰქონდა ადგილი საბანკო სექტორსა და სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით. 1.5 მილიარდის ვალდებულებების კომერციული ბანკებიდან 100 მილიონად შესყიდვის გარიგება, შესაძლოა, დამატებით ეჭვებს იწვევდეს საბანკო და საფინანსო ბიზნესის მონაწილეებზე სახელმწიფოს მხრიდან არაკეთილსინდისიერ გავლენებზე. ფაქტია, რომ აღნიშნული შეთანხმების მიღწევა ძალიან რთული იქნებოდა სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე და ჩნდება კითხვა, თუ რამდენად იქნებოდა ეს შესაძლებელი ივანიშვილთან დაკავშირებული ფონდი „ქართუს“ ნაცვლად სხვა პირი რომ ყოფილიყო.

მიგვაჩნია, რომ მოცემული ინიციატივა კანონმდებლობის მასშტაბურ და უპრეცენდენტო დარღვევას შეიძლება წარმოადგენდეს. გარდა ამისა, ის, ასევე, ნაკარნახევია ვიწრო პარტიული და პოლიტიკური ინტერესებით, რაც უარყოფით გავლენას ახდენს არა მარტო საარჩევნო გარემოზე, არამედ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე.

პოლიტიკური პარტიის მიერ ამომრჩეველთა მძიმე სოციალური პირობების საარჩევნო მიზნით გამოყენება მიუღებელია და დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე მიუთითებს.

შესაბამისად, მოვუწოდებთ: ხელისუფლებას, თავი შეიკავოს პოპულისტური და ვიწროდ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისგან და ამომრჩეველთა ფინანსური პრობლემებით მანიპულირების ნაცვლად მოქალაქეთა სიღარიბის დაძლევის ფუნდამენტური მიდგომა შეიმუშავოს; ყველა პოლიტიკურ პარტიას, გაიაზრონ მათი როლი და პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ მსგავსი პოპულისტური განცხადებებისგან; საქართველოს პროკურატურას დროულად და ობიექტურად გამოიძიოს და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს მოცემულ ფაქტზე“, – ნათქვამია ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

19 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ნახევარ მილიონზე მეტ მოქალაქეს ვალები ჩამოეწერება. პრემიერის თქმით, საუბარია 600 000 მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებებზე ბანკების, ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების თუ სხვადასხვა ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ჯამში, დაახლოებით, მილიარდნახევარ ლარს შეადგენს. მისივე განცხადებით, ეს პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ე.წ. „შავ სიაში“ მყოფი დაახლოებთ 600 000 ადამიანის ვალს სრულად დაფარავს ფონდი „ქართუ“. ეს ეხება პირებს, რომლებმაც ერთი წლის განმავლობაში ვერ გადაიხადეს კრედიტი და მათ მიერ აღებული სესხის ძირი თანხა არ აღემატება 2 000 ლარს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]