გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს ამომრჩეველი ტყუილით მოისყიდოს.
„ჯერ ერთი, ეს წინადადება აბსურდული და შინაარსმოკლებულია. მეორე, იმდენად ბუნდოვანია, რომ ვერავინ გაიგო საერთოდ ვისზე ვრცელდება ეს ყველაფერი და საბოლოო ჯამში რა შეიცვლება ამ ქვეყანაში; მესამე – ეს ყველაფერი ხდება არჩევნების შემდეგ.
უნდათ, ჯერ ხმა მიიღონ და შემდეგ ვითომ რაღაცას გააკეთებენ. დარწმუნებული ვარ, დეკემბერში იტყვიან, რომ სხვა რაღაცას გულისხმობდნენ, ან მოიმიზეზებენ, რომ მიკროსაფინანსოებმა უარი უთხრეს და ა.შ. მათ მხოლოდ ერთი რამ უნდათ, რომ ხელისუფლება ნებისმიერ ფასად, ნებისმიერი ტყუილის ფასად შეინარჩუნონ“, – განაცხადა ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძემ ამომრჩეველს მოუწოდა, „ამ სიცრუეზე არ წამოეგონ“.
19 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ მყოფ ნახევარ მილიონზე მეტ მოქალაქეს ვალები გაუნულდება. პრემიერის თქმით, საუბარია 600 000 მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებებზე ბანკების, ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების თუ სხვადასხვა ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ჯამში, დაახლოებით, მილიარდნახევარ ლარს შეადგენს. მისივე თქმით, ეს პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.
ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განმარტებით, ვალს სრულად დაფარავს ფონდი „ქართუ“. ვალების განულება შეეხება პირებს, რომლებმაც ერთი წლის განმავლობაში ვერ გადაიხადეს კრედიტი და მათ მიერ აღებული სესხის ძირი თანხა 2 000 ლარს არ აღემატება.