„გამოძიებით დადგენილია, რომ 1965 წელს დაბადებული ბრალდებული 22 ნოემბერს, ღამის საათებში მივიდა მეგობართან გასაღების გამოსართმევად. ბრალდებული ქუჩიდან ხმამაღლა ეძახდა მეგობარს. აღნიშნულ ხმაურზე იქვე მეზობლად მცხოვრებმა ნოდარ ბურდილაძემ საკუთარი სახლის აივნიდან გადმოიხედა და ხმაურის გამო შენიშვნა მისცა ბრალდებულს, რაზეც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული გაღიზიანდა. მათ შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რომელიც შემდგომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ნოდარ ბურდილაძეს ბრალდებულმა კ.ი.-მ დანით ჭრილობა მიაყენა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები დაზიანების ხარისხის და მიყენების მექანიზმის დასადგენად“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტრის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა კ. ი. მომხდარიდან მალევე მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით (მათ შორის თვითმხილველების ჩვენებებით), ამ ეტაპზე დგინდება, რომ დანაშაული პოლიტიკური მოტივით არ არის ჩადენილი და კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა.
იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში ფიგურირებს ფაქტის შემსწრე, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის სამმართველოს თანამშრომელი, საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს პროკურატურას, ხოლო დაცვის პოლიციის თანამშრომელს გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდა სამსახურეობრივი უფლებამოსილება“, - განაცხადეს შსს-ში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ნოდარ ბურდილაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ კ.ი-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით გრძელდება. ბრალდების დადასტურების შემთხვევაში კ.ი.-ს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.