ლაშა კომახიძის განმარტებით, სოფო ხალვაშის თანამდებობაზე დანიშვის თაობაზე კონსულტაციები იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე ის „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის კონცერტზე იმღერებდა.
„მოგეხსენებათ მერიის სტრუქტურაში რეორგანიზაციის შედეგად გვაქვს ერთი ვიცე-მერის და ორი მოადგილის პოზიცია. მერის მოადგილის ერთი პოზიცია აქამდე ვაკანტური იყო. დღეს ძალიან მოხარული ვარ და მინდა, მერის მოადგილის თანამდებობაზე ქალბატონი სოფო ხალვაში წარმოგიდგინოთ.
ის წლების განმავლობაში მუშაობდა კულტურის სფეროში. არის შემოქმედებითი და კრეატიული ადამიანი, რაც ჩვენ გვჭირდება ახლა, ამ მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად იქნება ჩვენი გუნდის გაძლიერება.
სოფოს კულტურის სფეროში მოღვაწეობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. მას კარგად იცნობენ არა მარტო ქვეყნის შინგით, არამედ ქვეყნის გარეთაც. ვფიქრობ, რომ მისი კავშირები, განსაკუთრებით საზღვარგარეთ, ისეთი ქალაქისთვის, როგორიც ბათუმია, იქნება ბევრი სასიკეთო ინიციატივის მომტანი. ჩვენ ვისაუბრეთ და გვაქვს ჩანაფიქრები ბევრი ახალი პროექტის განხორციელებაზე“, – აღნიშნა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ.
სოფო ხალვაში წლების განმავლობაში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „დილის ტალღის“ წამყვანი იყო. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, 12 ნოემბერს, მან სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. მანამდე კი სოფო ხალვაში გადაცემიდან დროებით მოხსნეს და საყვედური გამოუცხადეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მომღერალი სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო.