weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

4 თვეში ზურაბიშვილს 8 998 948 ლარი შესწირეს, ვაშაძეს 1 243 366 ლარი – TI

14:31 სამშაბათი, 27 ნოემბერი 2018

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) მეორე შუალედური ანგარიშის მიხედვით, პირველი აგვისტოდან 19 ნოემბრის ჩათვლით პრეზიდენტობის კანდიდატებმა სალომე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ ჯამში 11 343 062 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღეს, საიდანაც 8 998 948 ლარი (79.3%) ზურაბიშვილმა მიიღო, ხოლო 1 243 366 ლარი (11.6%) - ვაშაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, პირველი ტურის შემდგომ პერიოდში, 28 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით, ორმა ძირითადმა საარჩევნო სუბიექტმა ჯამში 4 128 323 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო. აქედან 3 592 724 ლარი (87%) სალომე ზურაბიშვილმა, ხოლო 535 599 ლარი (13%) გრიგოლ ვაშაძემ;

„სალომე ზურაბიშვილის 621 შემომწირველიდან 157 პირი იყო ისეთი, რომლებმაც წინა წლებში სხვა პარტიასაც შესწირეს თანხა. მათგან 137 ფიზიკური პირი „ქართული ოცნების“ ყოფილი შემომწირველია, რომლებმაც ზურაბიშვილს ჯამში 1 750 900 ლარი შესწირეს, რაც მთლიანი შემოწირულებების 22%-ია. გასულ წლებში იგივე პირებს „ქართული ოცნებისთვის“ ჯამში დაახლოებით 5 801 088 ლარი აქვთ შეწირული. ასევე, ზურაბიშვილის 15 შემომწირველს 2012 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ აქვს თანხები გაღებული, ჯამში 795 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშში.

სადამკვირვებლო ორგანიზაცია საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გაჩენილ არაფორმალურ საზოგადოებრივ მოძრაობებზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ მათ მიერ ჩატარებულ პოლიტიკურ ღონისძიებებზე სავარაუდოდ თანხები იხარჯება.

„მათ შორისაა „მე ვიცავ თავისუფლებას“, „არა მიშას, არა ნაცებს“, „არა ნაციზმს“ და სხვა. ამ ჯგუფების ქმედებები აშკარად შეიცავს ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის სასარგებლო და მეორის საწინააღმდეგო აგიტაციას და ამისთვის სავარაუდოდ იხარჯება გარკვეული თანხები.

გარდა იმისა რომ „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილის სიტყვიერ მხარდაჭერას გამოხატავდა, ნოემბერში ამ პარტიის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოჩნდა სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო დასპონსორებული რეკლამები, რაც „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ კანდიდატის სასარგებლოდ გაღებულ უკანონო შემოწირულობად უნდა ჩაითვალოს.

სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ და გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგოდ ფინანსურ რესურსს კიდევ ერთი პარტია - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიც“ ხარჯავდა. ნოემბრის დასაწყისში ამ პარტიამ დაიწყო სააგიტიციო მასალის ბეჭდვა და გავრცელება, რომლის მთავარი მიზანი გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურის დისკრედიტირება და სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა იყო. გარდა ამისა, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ ბათუმსა და თბილისში იგივე მიზნით გამართა ფართომასშტაბიანი სააგიტაციო დემონსტრაციები. შეხვედრებზე გამოყენებული იყო სცენა, მიკროფონები, სააგიტაციო პლაკატები და სხვა საშუალებები. პარტიამ, ასევე, უზრუნველყო მონაწილეთა ტრანსპორტირება. ამდენად,

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ დახარჯა ფინანსური და მატერიალური რესურსი, რაც უკანონო შემოწირულობად უნდა ჩაითვალოს“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, არჩევნების პირველი ტურის მსგავსად, ძირითადად არაეფექტური იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეაგირება პოლიტიკური პარტიების დაფინანსების რეგულაციების სავარაუდო დარღვევებზე, შემთხვევების გადამოწმების პროცესი დიდხანს იწელებოდა და საბოლოოდ შედეგიც არ ჩანდა.

„აუდიტის სამსახურმა მხოლოდ 26 ნოემბერს გამოაქვეყნა მცირე ანგარიში, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია რამდენიმე დარღვევაზე რეაგირების შესახებ. იმედს ვიტოვებთ, შემთხვევათა შესწავლის პროცესი დაჩქარდება და გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად იქნება მიღებული“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]